მესის ლამაზი ჯარიმა და 2 საგოლე გადაცემა - არგენტინა ნახევარფინალშია
Aa
Aa

მესის ლამაზი ჯარიმა და 2 საგოლე გადაცემა - არგენტინა ნახევარფინალშია

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ნახევარფინალში გავიდა. „ალბისელესტე“ მეოთხედფინალში ეკვადორის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

ლიონელ მესიმ და კომპანიამ 3-0 იმარჯვეს და არგენტინის წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ „ლა პულგას“ მიუძღვის. ლეომ გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. მე-40 წუთზე მისი პასით როდრიგო დე პაულმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 84-ე წუთზე, მესიმ ლაუტარო მარტინესს გაატანინა, ხოლო 93-ე წუთზე, ლამაზი საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში თავად დააფიქსირა. „ლა პულგამ“ „ალბისელესტეს“ მაისურით 76-ე ბურთი შეაგდო და ლეგენდარული პელეს რეკორდს მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება

„ძალიან მძიმე მატჩი იყო და ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა. გოლის გატანამდე პრობლემები გვქონდა, თუმცა შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მთავარია, მიზანს მივუახლოვდით და კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რათა დიდი ლოდინის შემდეგ, ფინალში გავიდეთ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა იყო და ახლა უნდა დავისვენოთ, რადგან მომდევნო მატჩამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. ყოველთვის ვამბობ, რომ ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია და აქ სხვა რაღაცის გამო ვართ“, - განაცხადა მესიმ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „ალბისელესტე“ კოლუმბიას შეხვდება, რომელმაც სენსაცია შემოგვთავაზა და ურუგვაის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები