„სამხრეთ აფრიკა ჩვენთან თამაშით კმაყოფილი უნდა იყოს
Aa
Aa

„სამხრეთ აფრიკა ჩვენთან თამაშით კმაყოფილი უნდა იყოს" - მაისაშვილი

სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტესტ მატჩში ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან 31 ქულით დამარცხდნენ.

ქართველმა მორაგბეებმა გამორჩეული პირველი ტაიმი ჩაატარეს და მეტოქე 34-ე წუთამდე, ანგარიშით - 9-5 ამარცხებდნენ,  რის შემდეგაც ბორჯღალოსნები 14 დარჩნენ და 2 ლელო გაუშვეს. მეორე ტაიმში  მსოფლიო ჩემპიონებმა ბორჯღალოსნებს კიდევ სამი ლელო დაუდეს და საბოლოო ჯამში, ანგარიშით - 40-9 გაიმარჯვეს.


ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი:

„35-ე წუთამდე თამაშს ვიგებდით და საწყენია, რომ ორი ლელო უდისციპლინობის გამო გავუშვით. რიგ შემთხვევებში შეცდომის დაშვებას მეტოქე გაიძულებს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ეს დაუფიქრებლობით მოგდის. სამწუხაროდ, ეს თანმდევია, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები. თუ კაცნაკლული რჩები, ის ყოველთვის ახერხებს ქულების აღებას, ორი ლელო მივიღეთ.

მეორე ტაიმში რამდენიმე იძულებითი გადაადგილება მოგვიწია. შეტევაში იყო ეპიზოდები, რომელთა ქულებში ასახვა სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა. ფაქტია, ამ გუნდმა იაპონიაში მხოლოდ ერთი საკუთარი დერეფანი დათმო, ჩვენ კი სამ აუტში შევუშალეთ ხელი და მოლების გაჩერებაც მოვახერხეთ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მომავალ შეხვედრაში, დარწმუნებული ვარ პროგრესი გვექნება.

თამაშის წინ ვთქვით, რომ დაცვა იწყება შეტევით. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში უხეში შეცდომის გამო ლელო მივიღეთ, გუნდი თამაშში დარჩა. ვეცადეთ შეტევაში ბურთი გაგვეკონტროლებინა და გარკვეულწილად ეს გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ აფრიკელებმა ჩვენზე უკეთ მოახერხეს ბურთის კონტროლი. სტატიკურ სიტუაციებში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და ვერ გავუძელით. სწორედ ეს არის, რასაც უნდა შევეგუოთ.

ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკა ჩვენთან თამაშით კმაყოფილი უნდა იყოს. კონტაქტის არეალში, მოლში, შერკინებაში, კონკურენტუნარიანები ვიყავით და ტაიმსაც მოვიგებდით რომ არა უდისციპლინობა“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონებთან მეორე ტესტ-მატჩი 9 ივლისს, 21:00 საათიდან გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა ვხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები