პოლ ჯორჯის ისტორიული საღამო - კლიპერსმა მოიგო და ბრძოლას განაგრძობს
Aa
Aa

პოლ ჯორჯის ისტორიული საღამო - კლიპერსმა მოიგო და ბრძოლას განაგრძობს

„ლოს ანჯელეს კლიპერსი“ ბრძოლას განაგრძობს. ტაირონ ლუს გუნდმა „ფინიქს სანსი“ სტუმრად დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2-3 გახადა. „კლიპერსმა“ ბრწყინვალედ იასპარეზა, მხოლოდ ერთი მეოთხედ წააგო, ისიც 3 ქულით და საბოლოოდ, 116-102 იმარჯვა.

„კლიპერსის“ წარმატების მთავარი შემოქმედი პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელსაც საოცარი მატჩი ჰქონდა. „პიჯიმ“ პლეიოფში თავისთვის სარეკორდო 41 ქულა ჩააგდო და 13 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრაც მიითვალა. ჯორჯმა 20-დან 15 ტყორცნა გამოიყენა და „კლიპერსის“ ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა, 10 მოხსნა და 5 ასისტი გაიფორმა.

პოლ ჯორჯს 23 ქულითა და 5 მოხსნით რეჯი ჯექსონი დაეხმარა. მარკუს მორისი 22 ქულას, 3 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას დასჯერდა, დემარკუს კაზინს კი 15 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი ჰქონდა.

„ფინიქსს“ 31 ქულით დევინ ბუკერმა ულიდერა. კრის პოლს 22 ქულა ჰქონდა. დეანდრე ეიტონმა თავი 10 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა, კემერონ ჯონსონმა კი აქტივში 14 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-6 შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართება და 1-ელ ივლისსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები