საქართველოს ნაკრები დღეს გერმანიას მიიღებს
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები დღეს გერმანიას მიიღებს

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რუსთავში, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გერმანიას უმასპინძლებს.

საქართველო-გერმანიის დაპირისპირება რუსთავის სარაგბო სტადიონზე 19 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის სტარტზე "ბორჯღალოსნებმა" ბელგიას სტუმრად, ბონუს ქულით, ანგარიშით 31:6 მოუგეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო გერმანიამ პირველ ტურში შინ, სენსაციურად, 41:38 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი თებერვალში ნაკრების ბირთვს ასვენებს და ახალბედებს ცდის. ბელგიასთან ოთხმა დებიუტანტმა მიიღო პირველი, ღვინისფერი კეპი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსთავში კიდევ სამი ჭაბუკის "ნათლობა" შედგება - ჰავბეკი გელა აფრასიძე, ბურჯი ლაშა ტაბიძე და მესამეხაზელი გიორგი მჭედლიშვილი მარქაფაში არიან.

სამი სიახლეა დამწყებ 15-ეულშიც: შეიცვალა ორივე ბურჯი - თადარიგიდან დაწინაურდნენ საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები - თორნიკე მატარაძე და სოსო ბეკოშვილი, გუნდს კი დაგეზავს "ბაგრატის" 10 ნომერი რევაზ ჯინჭველაშვილი.

კაპიტანი კვლავაც მერაბ შარიქაძეა. თადარიგში ორი გამოცდილი მგეზავი - ლაშა მალაღურაძე და ლაშა ხმალაძე გვეყოლება.

გერმანიის ნაკრებთან მატჩი გამორჩეული იქნება - მეასე სანაკრებო კეპს მიითვლის მერაბ კვირიკაშვილი. საქართველოს საუკეთესო მექულე "ბორჯღალოსანთა" 29-წლიან ისტორიაში პირველი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 43-ე "ცენტურიონი" გახდება.

საქართველოს და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებები აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარჯვება ყოველთვის ქართველ მორაგბეებს დარჩათ (ჯამში - 252:26, ლ - 37/3).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: უკანა ხაზი: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 გიორგი ფრუიძე, 13 გიორგი კოშაძე, 12 მერაბ შარიქაძე (კაპ), 11 სანდრო თოდუა, 10 რევაზ ჯინჭველაშვილი, 9 გიორგი ბეგაძე.

შერკინება: 1 თორნიკე მატარაძე, 2 ბადრი ალხაზაშვილი, 3 სოსო ბეკოშვილი, 4 გიორგი ნემსაძე, 5 ნოდარ ჭეიშვილი, 6 ლაშა ლომიძე, 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 ბექა გორგაძე.

მარქაფა: 23 ლაშა მალაღურაძე, 22 ლაშა ხმალაძე, 21 გელა აფრასიძე, 16 გიორგი ჭყოიძე, 17 გიორგი თეთრაშვილი, 18 ლაშა ტაბიძე, 19 გიორგი მჭედლიშვილი, 20 საბა შუბითიძე. 

ცხელი ამბები