თეა წულუკიანმა გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვება მიულოცა
Aa
Aa

თეა წულუკიანმა გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვება მიულოცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ და სპორტულმა ჟურნალისტმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა (რომელიც 16 წლის განმავლობაში გიორგი შერმადინის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს) საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს გიორგი შერმადინს უმასპინძლეს და ესპანეთის ჩემპიონატში მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და „ლენოვო ტენერიფეს“ ცენტრმა, გიორგი შერმადინმა ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის - ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა. ლიგა ენდესას სეზონის MVP-ისთვის დამზადებული თასი 32 წლის მოთამაშეს გადაეცა, რაც ქართული კალათბურთის და ზოგადად ქართული სპორტის უდიდესი აღიარება გახლავთ.

ლიგა ენდესას მესვეურებმა საუკეთესო კალათბურთელის შესარჩევად და გამოსაკითხად 4 სეგმენტი შეარჩიეს – გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები. თითოეული სეგმენტის არჩევანს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა. შერმადინმა ოთხივე სეგმენტის გამოკითხვა დამაჯერებლად მოიგო და MVP-ს მფლობელი გახდა. ოთხივე სეგმენტის შედეგები ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ACB.COM-მ შეაჯამა და „ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი ესპანეთის უმაღლეს წერტილში, მთა ტეიდეზე გამართულ საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა.

სამინისტროში, გიორგი შერმადინთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, სპორტული ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია და გიორგი შერმადინის ძმა სოსო შერმადინი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები