ლატვალამ შვედეთის რალი მოიგო
Aa
Aa

ლატვალამ შვედეთის რალი მოიგო

ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი - შვედეთის რალი. ეს „ტოიოტას“ პირველი გამარჯვებაა, რომელიც იაპონურმა გუნდმა, მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებიდან მეორე რბოლაში მოიპოვა. მანამდე ბოლო რბოლა „ტოიოტას“ 1999 წელს ჰქონდა მოგებული.

ლატვალამ ლიდერობა შაბათის ბოლო სპეცმონაკვეთზე, მას შემდეგ იგდო ხელთ, რაც ავარია მოუვიდა ბელგიელ ტიერი ნოივილს. „ჰიუნდაის“ მრბოლისთვის, ეს ახალ სეზონში განცდილი მეორე ინციდენტია. პირველი მას მონტე კარლოს რალიზე შეემთხვა. ნოივილი ბეტონის ბლოკს დაეჯახა, როცა უახლოეს მდევარს 40 წამზე მეტით უსწრებდა.

ამ დროს, მეორე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა, ლატვალას და ოტ ტანაკს შორის მიმდინარეობდა. ესტონელმა მრბოლმა შაბათის პირველი სამი სპეცმონაკვეთი მოიგო, რისი წყალობითაც, დღის ბოლოს, ლატვალას 3.8 წამით ჩამორჩებოდა. ახალ ლიდერისგან შორს არც მონტე კარლოს რალის გამარჯვებული სებასტიან ოჟიე იყო, ვისაც ფინელ პილოტთან 12.8 წამი აშორებდა.

კვირას მხოლოდ სამი სპეცმონაკვეთი იყო გასავლელი, რომელთაგან პირველ ორზე ლატვალას ბადალი არ ჰყავდა. მან უახლოეს მდევართან უპირატესობა 20 წამამდე გაზარდა. ამ ორ მონაკვეთზე ტანაკს ტექნიკურმა პრობლემებმა არ მისცა სწრაფად გავლის საშუალება, ოჟიემ კი პირველ სპეცზე შეცდომა დაუშვა და ამან გამარჯვების შანსი პრაქტიკულად დააკარგვინა.

საბოლოოდ, ტანაკი მეორე ადგილს დასჯერდა და სეზონის მეორე რბოლაც კვარცხლბეკზე დაასრულა. ოჟიე კი, ვინც მონტე კარლოში გაიმარჯვა, ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა.

 

შვედეთის რალის შედეგები

  1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ტოიოტა) 2:36:03.6
  2. ოტ ტანაკი (ესტონეთი, ფორდი) +29.2
  3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფორდი) +59.5
  4. დანი სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) +2:11.5
  5. კრეიგ ბრინი (ბრიტანეთი, სიტროენი) +2:51.2
  6. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) +5:26.6
  7. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰუნდაი) +5:31.2
  8. სტეფან ლეფევრი (საფრანგეთი, სიტროენი) +7:14.7
  9. პონტუს ტიდემანდი (შვედეთი, შკოდა) +9:11.1
  10. ტეემუ სუნინენი (ფინეთი, ფორდი) +10:02.9

 

პილოტთა კლასიფიკაცია 2 ეტაპის შემდეგ

1. იარი-მატი ლატვალა - 48 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 44; 3. ოტ ტანაკი - 33; 4. დანი სორდო - 25; 5. კრეიგ ბრინი - 20; 6. ელფინ ევანსი - 18; 7. სტეფან ლეფევრი - 10; 8. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰუნდაი) - 8; 9. ჰეიდენ პადონი - 7; 10. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, შკოდა) – 6...

ცხელი ამბები