წარმატებული მატჩი და დადებითი შეფასებები - მამუკელაშვილმა DRAFT COMBINE-ზე პირველად ითამაშა
Aa
Aa

წარმატებული მატჩი და დადებითი შეფასებები - მამუკელაშვილმა DRAFT COMBINE-ზე პირველად ითამაშა

ჩიკაგოში, 21 ივნისიდან 27 ივნისამდე 2021 Microsoft Surface Draft combine მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილიც იღებს. „მამუ“ Draft Combine-ზე 69 პერსპექტიულ ახალგაზრდასთან ერთად მიიწვიეს და მოგვიანებით, მათ G ლიგის რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაემატა.

Draft Combine-ზე კალათბურთელებს NBA-ის გუნდების წარმომადგენლებთან ინტერვიუები ექნებათ, 5-5-ზე გამართულ მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ და სხვადასხვა ვარჯიშებს გაივლიან (სიძლიერე, სროლა, მოძრაობა). 25 ივნისს, პირველი მატჩი გაიმართა და პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილი ვიხილეთ.

„მამუმ“ 23 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა გაიფორმა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 4 ბურთი ჩააგდო, ერთი საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი გააცუდა, 2 დაკარგვა ჰქონდა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. სხვათა შორის, მამუკელაშვილის გუნდში 9 ქულაზე მეტი არავის ჰქონია.

მატჩის შემდეგ, მამუკელაშვილის გამოსვლა NBA-ის ინსაიდერმა და ანალიტიკოსმა, ბრეტ სიგელმა შეაფასა: „სეტონ ჰოლის წარმომადგენელი, სანდრო მამუკელაშვილი კიდევ ერთი ბიჭია, რომელმაც დღეს კარგად ითამაშა. მისი სიმაღლის გათვალისწინებით, ძალიან მომეწონა ის, თუ სანდრო ბურთს როგორ ატარებს. იგი ე.წ point-forward-ს ჰგავს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები