''ხვიჩას ტრავმის შემდეგ ეს პრობლემა შემორჩა'' - სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა
Aa
Aa

''ხვიჩას ტრავმის შემდეგ ეს პრობლემა შემორჩა'' - სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა

ყაზანის ''რუბინმა'' ახალი სეზონისთვის მზადება ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად დაიწყო. როგორც კლუბის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი აღნიშნავს, ამ ეტაპზე კვარაცხელია სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს, რადგან ბარძაყის ტრავის შემდეგ კუნთის პრობლემა ჯერ კიდევ შემორჩა.

''ამ ეტაპზე ბევრად მეტი ლეგიონერი გვყავს, ''რუბინში'' 11 ლეგიონერი ვარჯიშობს, თუმცა ახალი სეზონის განაცხადში მხოლოდ 8 მოთამაშის შეყვანა შეგვიძლია. ამ ეტაპზე არ ვიცით რომელი ფეხბურთელები დარჩებიან კლუბში, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმ კლუბებზე, რომლებსაც ''რუბინის'' მოთამაშეების მიმართ ინტერესი ექნებათ. რისკებს სათანადოდ ვაფასებთ და განვიხილავთ ვარიანტებს როგორც ხვიჩასთან ერთად, ასევე ხვიჩას გარეშე''.

კითხვაზე რამდენად აისახა ხვიჩაზე, მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები, რუსი სპეციალისტის პასუხი ასეთია: ''არ ჩანს, რომ მას ეს ფაქტი დამატებით აშფოთებს. მას ბარძაყის კუნთის პრობლემა ჯერ კიდევ შემორჩა. ის ამჟამად ერთჯერად რეჟიმში ვარჯიშობს. ხვიჩა მხოლოდ საღამოს ივარჯიშებს, დილით კი ტესტს გაივლის. ამას ტრანსფერთან დაკავშირებულ ჭორებთან კავშირი არ აქვს".

ქართველმა ტალანტმა ტრავმა 18 აპრილს, ''ურალთან'' შეხვედრაში მიიღო და სეზონის დარჩენილ მატჩებში არ უთამაშია. ასევე, მან გამოტოვა სანაკრებო შეხვედრები.

ყაზანური კლუბი ამხანაგურ მატჩს 24 ივნისს, პრემიერ ლიგაში აღზევებულ ''ნიჟნი ნოვგოროდთან'' გამართავს, რომელსაც ალექსანდრ კერჟაკოვი წვრთნის.

შეგახსენებთ, 2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი რვას შეადგენს.

თბილისის ''დინამოს'' აღზრდილს ყაზანის ''რუბინთან'' კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სავარაუდო სატრანსფერო თანხა 20-25 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები