„ამჯერად რონალდუსთვის მაისური არ მითხოვია
Aa
Aa

„ამჯერად რონალდუსთვის მაისური არ მითხოვია" - გავიხსენოთ გოსენსისა და კრიშტიანუს ისტორია

აპრილში, პორტუგალიისა და გერმანიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, რობინ გოსენსის ავტობიოგრაფიული წიგნი, „იოცნებეთ - ისინი ამად ღირს“ გამოიცა. „ატალანტას“ ფეხბურთელმა წიგნის გამოსვლამდე მასში შესული რამდენიმე ისტორია გაასაჯაროვა და ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუს უკავშირდება.

„იუვენტუსთან გამართული მატჩის შემდეგ, ვეცადე, ჩემი ოცნება ამესრულებინა და კრიშტიანუ რონალდუს მაისური მიმეღო. საფინალო სასტვენის შემდეგ მასთან მივედი და წარმატებაც კი არ აღმინიშნავს, თუმცა რონალდუმ უარი მითხრა. მას ამ სიტყვებით მივმართე: „კრიშტიანუ, შეიძლება, შენი საფეხბურთო მაისური მივიღო“? მან კი არც შემომხედა და მიპასუხა: „არა“, - იხსენებს გოსენსი.

გერმანელი უკანახაზელი 2019 წელს გამართულ მატჩზე საუბრობს, რომელშიც „ატალანტამ“ „იუვენტუსი“ 3-0 გაანადგურა და „დეასთან“ წაგებამ ალბათ, კრიშტიანუს განწყობაზე იმოქმედა. რონალდუს უარის შემდეგ, ვითარება ბერგამოელთა ფეხბურთელებმა, ფროილერმა და ჰატებურმა გამოასწორეს და გოსენსს რონალდუს მაისური აჩუქეს.

26 წლის მოთამაშემ კრიშტიანუს მაისური პორტუგალიასთან მიღწეული წარმატების შემდეგაც ახსენა და განაცხადა: „არ ვიცი, საიდან დავიწყო. ეს საღამო ჩემთვის ნამდვილად დაუვიწყარი იყო. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ და ამ ტურნირზე პირველი გოლი და პირველი საგოლე გადაცემა მივითვალე. უბედნიერესი და ამაყი ვარ.

ვიცოდით, რომ დღეს უნდა მოგვეგო, რადგან დამარცხების შემთხვევაში, პლეიოფში გასვლა ურთულესი იქნებოდა. ვეცადეთ, რომ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მაქსიმუმი გაგვეკეთებინა და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ამჯერად, კრიშტიანუსთვის მაისური არ მითხოვია, რადგან მინდოდა, გამარჯვებითა და ამ საოცარი საღამოთი დავმტკბარიყავი“.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ პორტუგალია 4-2 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. „ბუნდესმანშაფტი“ მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს, უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები