ქეცბაია ერიკსენზე: ''შოკში ვიყავი და ვერ ვმშვიდდებოდი''
Aa
Aa

ქეცბაია ერიკსენზე: ''შოკში ვიყავი და ვერ ვმშვიდდებოდი''

''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ Cablenet Cyprus-თან ინტერვიუში კრისტიან ერიკსენის შესახებ ისაუბრა.

''ახლა გაცილებით მშვიდად ვარ. როცა ერიკსენის მინდორზე დაცემის მომენტი ვნახე და შემდეგ, როცა მისი ჯანმრთელობის შესახებ სიახლეებს ვკითხულობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვტიროდი.

ფეხბურთელები 17-დან 35-წლამდე, კარიერის საუკეთესო წლებში დიდ დროს სავარჯიშო მინდორსა და სასტუმროებში ატარებენ. ხედავთ თუ რამდენად სწრაფი და დინამიკური გახდა ფეხბურთი. ეს არ არის მხოლოდ თამაში, ფეხბურთელის კარიერა სტერსსა და წნეხს გულისხმობს. ზოგჯერ ღამეები არ გძინავს, მაგრამ არა ფულისთვის, არამედ წარმატებისთვის.

ყოველ მომენტში, როცა ერიკსენის შესახებ სიახლეს ვიგებდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. როცა ერიკსენის დაცემის მომენტი დავინახე, შოკირებული ვიყავი. ვერ ვმშვიდდებოდი სანამ არ გავიგე, რომ ყველაფერი კარგად იყო''.

შეგახსენებთ, ევრო 2020-ის B ჯგუფის პირველ ტურში დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიკსენი მოედანზე დაეცა, გონება დაკარგა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

დანიის ეროვნული ნაკრების ექიმის, მორტენ ბოესენის განცხადებით კრისტიან ერიკსენს ფინეთთან შეხვედრაში გული გაუჩერდა: ''მინდორზე დაცემისას კრისტიან ერიკსენს გული გაუჩერდა. ჩვენი ჩარევის შემდეგ გულის მუშაობა აღდგა. მისი გარდაცვალების რამდენად დიდი შანსი იყო? არ ვიცი, თუმცა გულის დეფიბრილაციის შემდეგ გულის მუშაობა სწრაფად აღდგა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა, თუმცა ჩვენთვის უცნობია რამ განაპირობა გულის გაჩერება''.

დანიელ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა და მას იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუსვეს.

ორი ვარიანტი - როგორ შეიცვლება ერიკსენის ცხოვრება?

საინტერესო, რომ იტალიური გამოცემა ერიკსენის საფეხბურთო კარიერის შესახებაც წერს და აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება. La Gazzetta dello Sport ორ სცენარს განიხილავს. პირველი - კრისტიანს იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის გამოყენება სამუდამოდ მოუწევს და მეორე - ეს დროებითი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთში არიან მოთამაშეები, რომლებიც იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორით ასპარეზობენ (დეილი ბლინდი) პირველი ვარიანტის შემთხვევაში, დანიელი სერია A-ში ვეღარასდროს იასპარეზებს. იტალიის ჩემპიონატის პროტოკოლის მიხედვით, კონტაქტურ სპორტში იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორით თამაში მიუღებელია, თუმცა ინგლისსა და ნიდერლანდებში ეს შეზღუდვა არ მოქმედებს.

მეორე სცენარს რაც შეეხება, ეს ვარიანტი, როგორც „ინტერისთვის“, ისე ფეხბურთელისთვის ბევრად სასურველია. თუ ერიკსენს იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის სამუდამოდ გამოყენება არ დასჭირდება, იგი 4-5 კვირის შემდეგ მილანში გამოკვლევებს გაივლის, რათა დადგინდეს, რა მდგომარეობაში იმყოფება. „ინტერის“ ექიმები ყველაფერს თავად უხელმძღვანელებენ და შესაძლოა, დანიელი მოედანზე დაბრუნდეს, თუმცა ამის შანსი ძალიან დაბალია და ამისთვის უამრავი რამ უნდა მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები