ესპანეთის უღიმღამო თამაში - ლევანდოვსკიმ პოლონეთი მარცხისგან იხსნა
Aa
Aa

ესპანეთის უღიმღამო თამაში - ლევანდოვსკიმ პოლონეთი მარცხისგან იხსნა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთისა და პოლონეთის საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. 25-ე წუთზე ხერარდ მორენოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ალვარო მორატამ ანგარიში გახსნა.

ანგარიში მიუნხენის ''ბაიერნის'' თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა. საგოლე გადაცემა კამილ იუზვიაკმა შეასრულა, ლევანდოვსკიმ კი თავით შესანიშნავად დაარტყა.

58-ე წუთზე ესპანეთის ნაკრებს გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა ხერარდ მორენომ ვერ გამოიყენა, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ალვარო მორატამ ითამაშა და ახლო მანძილიდან ძალიან არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

E ჯგუფში შვედეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, სლოვაკეთი 3 ქულით მეორე პოზიციაზეა, ესპანეთის ანგარიშზე 2 ქულაა, ხოლო პოლონეთი 1 ქულით აუტსაიდერია.

მესამე ტურში შვედეთი ''გაზპრომ არენაზე'' პოლონეთს შეხვდება, სლოვაკეთი კი - სევილიაში ესპანეთს. ორივე მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები