პსჟ-ს დიდი გეგმები - პოგბას და რამოსს პარიზში სურთ
Aa
Aa

პსჟ-ს დიდი გეგმები - პოგბას და რამოსს პარიზში სურთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს გაიხსნება, თუმცა სატრანსფერო ციებცხელება უკვე დაწყებულია.

ახალი სეზონისთვის დიდი გეგმები აქვს პსჟ-ს, რომელმაც უკვე ჟორჟინიო ვეინალდუმი გაიფორმა და ამით სატრანსფერო საქმიანობას ოფიციალურად შეუდგნენ.

RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-მ შესაძლოა პოლ პოგბა გაიფორმოს. ფრანგმა გადაწყვიტა, რომ „იუნაიტედთან“ კონტრაქტი არ გააფორმოს და მოლაპარაკებები პარიზელებთან დაიწყო.

წყაროს ცნობით, პოგბას აგენტი მინო რაიოლა ამ დღებში პარიზელთა მფლობელს ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა და ტრანსფერი განიხილა.

როგორც ცნობილა, პოგბას „იუნაიტედთან“ არსებული კონტრაქტი 2022 წელს უსრულდება და თუ ფეხბურთელი მას არ გაახანგრძლივებს, კლუბს ფრანგის გაყიდვა ამ ზაფხულს მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი წლის შემდეგ უფასოდ დაკარგავენ.

„მანკუნიანელები“ პოგბას სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ, თუმცა მსგავს სიტუაციაში მყოფი ფეხბურთელის ამხელა ფასად გაყიდვა ყველა გუნდს გაუჭირდება.

კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი, რომელსაც პარიზელები უმიზნებენ სერხიო რამოსია. AS-ის ცნობით, „რეალის“ ყოფილი კაპიტანი პსჟ-ში გადასვლას პრიორიტეტულად მიიჩნევს.

წყარო წერს, რომ გარდა მიმზიდველი ფინანსური პირობებისა, რამოსს პარიზში მისი ძველი მეგობრები ანხელ დი მარია და კეილორ ნავასი დახვდებიან. ასევე ესპანელები პაბლო სარაბია, სერხიო რიკო და ანდერ ერერა. მწვრთნელი პოჩეტინო კი არგენტინელია და ისიც ესპანურენოვანი გახლავთ.

ბოლოს გეტყვით, რომ რამოსის შეძენით პარიზელთა გარდა მანჩესტერული კლუბები „იუნაიტედი“ და „სიტი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები