მატჩის წინ - პსჟ VS ბარსელონა
Aa
Aa

მატჩის წინ - პსჟ VS ბარსელონა

დღეს, 14 თებერვალს, როცა შეყვარებულები ერთმანეთისგან საჩუქრებს ელიან, ფეხბურთის გულშემატკივარს ეს საჩუქარი ნამდვილად ერგებათ, რადგანაც იწყება "ჩემპიონთა ლიგა" და პირველსავე დღეს დიდი სანახაობა გველის - პარიზში "პარკ დე პრენსზე" "პსჟ"-სთან სათამაშოდ, კატალონიის "ბარსელონა" ჩადის. 

"ჩემპიონთა ლიგის" ბოლო 5 სეზონში, ფლეი-ოფის სტადიაზე, ეს გუნდები მესამედ ხვდებიან. გარდა ამისა, ერთხელ ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ. 

გუნდების ახალი ამბები

* აღნიშნულ მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება უნაი ემერი, რომელიც დისკვალიფიცირებულ ტიაგო მოტასა და ტრავმირებულ კაპიტან ტიაგო სილვას ვერ დაიხმარს. ამ უკანასკნელის თამაში დღევანდლამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა უკვე გაირკვა და დადასტურდა, რომ ბრაზილიელი 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში მოედანზე არ იქნება. 

* "პსჟ" შესანიშნავ სათამაშო ფორმაშია - ბოლო 11-დან 10 თამაში მოიგო. 

* გუნდმა გასულ კვირას ჩემპიონატში, მისსავე სტადიონზე, "ბორდო" გაანადგურა. გოლები კავანიმ (2) და დი მარიამ შეაგდეს.

* პარიზელთა ურუგვაელი ფორვარდი შესანიშნავ სვლაზეა. მას უკანასკნელ 6 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი. 

* "ბარსელონას" დღევანდელ მატჩში მასკერანო და ალეიშ ვიდალი არ ეყოლება. 

* ლუის ენრიკეს ბიჭებს ბოლო 15 გასვლითი თამაშიდან 11 მოგებული აქვთ. 

* "ბლაუგრანამ" გასულ უქმეებზე "ალავესი" შეარცხვინა - 6:0. ლუის სუარესმა დუბლი მიითვალა, ხოლო თითო გოლი ნეიმარმა, მესიმ, ვიდალმა, რაკიტიჩმა და ალექსისმა (საკუთარ კარში) ჩაიწერეს.

მწვრთნელების კომენტარები:

უნაი ემერი: "საინტერესო და სანახაობრივ თამაშს ველი. მასში გაიმარჯვებს ის, ვინც საჭირო მომენტში უკეთ ითამაშებს - ექნება უკეთესი ტაქტიკა და მოიგებს ორთაბრძოლების უმრავლესობას. 

მეტოქეს თავისუფლად თამაშის საშუალება არ უნდა მივცეთ და რაც შეიძლება ნაკლები მომენტი შევაქმნევინოთ, რადგანაც ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. 

გუნდში საბრძოლო განწყობაა და თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია. ჩემს ფეხბურთელებს არავისი ეშინიათ. "პსჟ"-ს არაერთი უმაღლესი დონის ოსტატი ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ შესანიშნავი ამბავი ჩაწერონ კლუბის ისტორიაში". 

ლუის ენრიკე: "ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში "პსჟ" დიდებულ ფორმაშია და ბრწყივალე შედეგები აქვს. ჩვენ მათზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ეს შეხვედრა მოვიგოთ. კარგად ვიცნობ უნაის, იგი ეცდება, რომ სირთულეები შეგვიქმნას. ჩვენ ბურთი უნდა გავაკონტროლოთ და მაქსიმალურად მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ. 

"ბარსას" ბოლო წლებში ამ სტადიონზე არაერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია და კარგად ვიცით, რამდენად რთულია "პარკ დე პრენსზე" თამაში. "პსჟ" რთული მეტოქეა, რომელიც არაფერს დაგითმობს. დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო თამაში გამოვა". 

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, კიმპემბე, მაქსველი - ვერატი, რაბიო, მატუიდი - ლუკას მოურა, დრაქსლერი, კავანი. 

ბარსელონა: ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები