არგენტინასთან  შეხვედრა - უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

არგენტინასთან შეხვედრა - უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

თითქმის 16-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს მოედანზე გავლენ და არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრას გამართავენ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში იმართება.

ხანგრძლივი პაუზა კოვიდ-პანდემიამ განაპირობა, რომელმაც 2020 და 2021 წლების 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატები ვერ ჩატარდა.

2022 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი უნდა აღდგეს და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მწვრთნელებმა 2002-2003 წელს დაბადებულ მორაგბეებს უხმეს და საქართველოში ორი შეკრება გაიარეს, ახლა კი, ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში სათამაშოდ გაემგზავრნენ.

სტელენბოშში ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას ხვალ, საქართველოს დროით 15 საათზე არგენტინის წინააღმდეგ გამართავს. ტურნირის გახსნის მატჩისთვის მწვრთნელებმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს. 

რადგან კოვიდ-პანდემიის გამო 18-წლამდელთა ტურნირებიც არ ჩატარდა, ეს მორაგბეები პირველად მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და სულ სამხრეთ აფრიკაში ოთხ თამაშს გამართავენ – არგენტინის შემდეგ 23 ივნისს ურუგვაის შეხვდებიან, რომელიც ხვალ მასპინძელ სამხრეთ აფრიკას ეთამაშება; 28 ივნისს უმცროსი ბორჯღალოსნები ‘ჯუნიორ ბოკეს’ შეხვდებიან; ტურნირს კი 3 ივლისს დაასრულებენ და მეტოქე ზემოთნახსენები სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება.

რადგან ილია მაისურაძე სამხრეთ აფრიკაში მოგვიანებით, ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელის რანგში ჩადის, უმცროს ბორჯღალოსნებს ტურნირზე ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი გაუძღვებიან. კილასონია ამბობს:

„გვაინტერესებს ვნახოთ სად არის საერთაშორისო რაგბი და სად ვართ ჩვენ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ და ეს ტურნირი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა. ამ ბიჭებისთვის ეს პირველი საერთაშორისო გამოცდილებაა. მათ აქვთ თავის წარმოჩინების შესაძლებლობა და ვნახავთ როგორ გაართმევენ თავს რეალურ წნეხს. წინა წლებში არგენტინას არაერთხელ შევხვედრილვართ და ის ტრადიციულად მაღალ ტემპში თამაშობს, შესაძლოა, ყველაზე მაღალ ტემპშიც კი მსოფლიოში. საინტერესო თამაში გველოდება, რომელიც ბევრ რამეს დაგვანახებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები