Aa
Aa

"ყველა თამაშის მოგება გვინდა" - მანჩინი შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატზე იტალიამ მეორე მატჩი გამართა. „სკუადრა აძურა“ შვეიცარიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიელთა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მანჩინიმ?

„შვეიცარია საკმაოდ ძლიერი ნაკრებია და კარგად ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდებოდა და საბოლოოდ ასეც გამოვიდა. გოლის გატანა ბევრად ადრე შეგვეძლო, თუმცა მატჩის მიწურულს დამსახურებული მესამე გოლი გავიტანეთ.

საწყის წუთებში გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ დაცვის ხაზი წინ ავწიეთ, პრესინგი გავაძლიერეთ და მეტოქეს შეცდომის დაშვება ვაიძულეთ. ბიჭებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს. არ იყო ადვილი მატჩი. თან იმის ფონზე, რომ ბოლო 5 დღეში 2 შეხვედრა ჩავატარეთ.

სათამაშო სისტემა შევცვალე, რადგან გარკვეული ცვლილებები გვჭირდებოდა. იმედი მაქვს კიელინის ტრავმა სერიოზული არ არის. ყველაფერს მალე გავიგებთ. ყველა თამაშის მოგება გვინდა. ვნახოთ რა მოხდება უელსთან.“

შეგახსენებთ, რომ იტალია ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი უელსია 4 ქულით. ცნობისთვის, მესამე ტურში იტალია და უელსი შეხვდებიან. მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები