„შორს ვერ წავლენ
Aa
Aa

„შორს ვერ წავლენ" - ვიეირასა და ნევილს იტალიის ნაკრების წარმატების არ სჯერათ

ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების ყოფილ ფეხბურთელებს, გარი ნევილსა და პატრიკ ვიეირას არ სჯერათ, რომ იტალიის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეუძლია. შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, „სკუადრა აძურა“ პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც პლეიოფის საგზური მოიპოვა, თუმცა ნევილი და ვიეირა თვლიან, რომ მანჩინის ბიჭები სანუკვარ თასს ვერ აღმართავენ.

„ვფიქრობ, იტალიის ნაკრების მიერ ჩატარებული პირველი ორი მატჩი ძალიან მარტივი იყო. რა თქმა უნდა, ის გუნდი უნდა დაამარცხო, რომელიც შენ წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ვეჭვობ, იტალიელებმა ფინიშის ხაზამდე მისვლა შეძლონ.

ჩემი აზრით, სკუადრა აძურას ინტენსიურობა, სიძლიერე და სისწრაფე აკლია, რათა შეტევაში უფრო სახიფათო იყოს. ვფიქრობ, ძალიან ადრეა, რათა იტალია ჩემპიონობის პრეტენდენტად მოვიაზროთ“, - განაცხადა ვიეირამ.

ფრანგს მხარი გარი ნევილმაც აუბა და აღნიშნა: „მთელი მატჩის განმავლობაში იტალიას პრობლემები არც ერთხელ შექმნია და მათი მთავარი სანერვიულო გახლავთ ის, რომ სკუადრა აძურა ჯერჯერობით არავის გამოუცდია.

იტალია საკუთარი მაქსიმუმისკენ მიიწევს, მაგრამ პატრიკს ვეთანხმები და ვთვლი, რომ მანჩინის გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს. როგორც აღვნიშნე, იტალიის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მაღალი დონის მეტოქის წინააღმდეგ არ უთამაშია. სკუადრა აძურას პირველ ორ შეხვედრას გამოცდას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ვიცი, რომ ტურნირის სტარტზე გამართული ორი მატჩის გამო იტალიელებს უამრავი ადამიანი აქებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ როგორც კი, შვეიცარიასა და თურქეთზე უკეთეს გუნდებს შეხვდებიან, მათი ბარიერის დასაძლევად საკმარისი რესურსი არ ექნებათ“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 3-0 და 3-0 მოიგო. „სკაუდრა აძურას“ პლეიოფის საგზური განაღდებული აქვს და მომდევნო მატჩი უელსთან ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები