„18-ბორბლიანი სატვირთოსავით გადავუვლი
Aa
Aa

„18-ბორბლიანი სატვირთოსავით გადავუვლი" - ფიური გამარჯვებაში დარწმუნებულია

დეონტეი უაილდერმა და ტაისონ ფიურიმ 24 ივლისს ჩანიშნული ბრძოლის წინ, პრესკონფერენცია გამართეს. ამერიკელ მებრძოლს ბევრი არ ულაპარაკია, შეკითხვები უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ საკუთარი იურისტებისთვის მადლობის გადახდით შემოიფარგლა. ბრიტანელს რაც შეეხება, „ბოშათა მეფემ“ ხმამაღალი პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ გამარჯვებში დარწმუნებულია.

„ბოლო ბრძოლისას ჩემი სტრატეგია და გეგმები გავასაჯაროვე, რადგან უაილდერი სათანადოდ კარგი მოკრივე არაა, რათა მათ გამკლავებოდა. ამჯერადაც იმავეს ვიზამ. დეონტეის მხოლოდ ერთი რამ შეუძლია და ერთადერთი, რაც მას გამოსდის, ძლიერი დარტყმის განხორციელებაა. უაილდერს 18-ბორბლიანი სატვირთოსავით გადავუვლი. გარანტიას გაძლევთ, რომ ამჯერად, დეონტეი იქამდე ვერ მიაღწევს, სადამდეც წინა ბრძოლაში მიაღწია (მე-7 რაუნდამდე).

წინა დაპირისპირებებისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 5 ან 6 კვირა მქონდა, ახლა კი 18 თვეა დეონტეისთან ჩხუბისთვის ვემზადები. წონას ვიმატებ და ვცდილობ 136 კილოგრამამდე ავიდე, რადგან დიდი ნოკაუტის გაფორმება მინდა. უაილდერი ამ ბრძოლაში ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად ჩართული არაა. ის რინგზე სხვა მიზეზების გამო გადის და როცა ადამიანი ამას აკეთებს, ნიშნავს იმას, რომ ბრძოლისას ძალიან მაგრად სცემენ“.

ფიურიმ უაილდერის დუმილზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „ეს ადასტურებს, ფსიქოლოგიურად რამდენად სუსტი ადამიანია და ბოლო ბრძოლაში მიღებულმა დარტყმებმა მის ცხოვრებაზე რამხელა გავლენა იქონია. სიმართლე გითხრათ, უაილდერის დამარცხების შემდეგ, მასზე დიდი ხნის განმავლობაში ვნერვიულობდი.

მნიშვნელობა არ აქვს, მწვრთნელები რას ეტყვიან, იგი მაინც იმას გააკეთებს, რაც უნდა. როგორც კი პირველ დარტყმას მივაყენებ, დეონტეი წითელს დაინახავს, ჩემთვის თავის წაცლას შეეცდება და პრობლემები შეექმნება. დარწმუნებული ვარ, მისი კიდევ ერთხელ დამარცხება შემიძლია, თუმცა ვიცი, რომ თუ იდეალური დარტყმა მომაყენა, ყველაფერი დასრულდება. წინა ბრძოლებში ასეთი დარტყმის შემდეგ, 2-ჯერ წამოვდექი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჩემს მეტოქეებს ყოველთვის სათანადოდ ვაფასებ და გამონაკლისი არც უაილდერი იქნება“.

სხვათა შორის მოკრივეების ე.წ ფეისოფი საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ფიურის ენტონი ჯოშუასთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ეს ბრძოლა მას შემდეგ გამოირიცხა, რაც საარბიტრაჟო მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ „ბოშათა მეფე“ 15 სექტემბრამდე უაილდერს უნდა შეერკინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები