„ვეცდები პირველ რაუნდში დავანოკაუტო
Aa
Aa

„ვეცდები პირველ რაუნდში დავანოკაუტო" - თოფურია ამბობს, რომ საუკეთესო ფორმაშია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ Abc.es-ს ინტერვიუს მისცა და სამომავლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. „ელ მატადორი“ მომდევნო ბრძოლას რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამართავს და თოფურია აცხადებს, რომ ამერიკელთან ჯახს საუკეთესო ფორმაში ხვდება.

„ვეცდები, მეტოქე დავანოკაუტო და თუ არ გამომივა, სათადარიგო გეგმებიც მაქვს მომზადებული. ჰოლი არაპროგნოზირებადია და აქცენტს ბრძოლის პარტერში გადაყვანაზე გააკეთებს. მასთან ერთად, პარტერში გადასვლა მომიწევს, მაგრამ ვეცდები, პირველივე რაუნდში დავანოკაუტო.

მოსამზადებელი კემპი ოდნავ გრძელი გამოდგა, ვიდრე ველოდი, თუმცა ასეთ ფორმაში ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. რთული სამუშაო წარსულში დარჩა. ახლა ყურადღება წონის კლების პროცესზე და პატარ-პატარა დეტალებზე უნდა გავამახვილო. 24 ივნისს ლას ვეგასში გავემგზავრებით, რათა იქაურ დროს შევეგუოთ. ჰოლთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელი რამდენიმე ადამიანი დამეხმარა და ვიცი, მისგან რას უნდა ველოდო.

UFC-ში ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ ჩემზე დაბალი რეიტინგის მქონე მებრძოლთან არ ვიჩხუბებ და ამ ბრძოლის შემდეგ, წინსვლას განვაგრძობ. არ ვიცი, კონკრეტულად ვის მინდა, რომ დავუპირისპირდე, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე ტოპ 10-ის ან ტოპ 15-ის წევრი უნდა იყოს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ში 2-ჯერ იჩხუბა და ჯერ იუსეფ ზალალს მსაჯების გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ დეიმონ ჯექსონს ნოკაუტით სძლია. ქართველი მებრძოლი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და მის ანგარიშზე 10 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები