„მადლობა საინტერესო თავგადასავლისთვის
Aa
Aa

„მადლობა საინტერესო თავგადასავლისთვის" - კაშია ლოკომოტივს დაემშვიდობა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში თბილისის „ლოკომოტივმა" „ტორპედოს" უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში ანგარიშით - 3-1 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრა თბილისური გუნდის რიგებში ბოლო იყო გურამ კაშიასთვის. გამოცდილმა მცველმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დატოვა.

მოგვიანებით, გურამ კაშიამ სოციალური ქსელით პოსტი გაავრცელა და დაწერა:

დღეს ოფიციალურად დავემშვიდობე ლოკომოტივს.

კლუბი, სადაც ბოლო რამდენიმე თვე გავატარე, ჩემს კარიერაში ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. შეიძლება, ვინმესთვის ბევრი არ არის, 17 მატჩი და ამ თამაშებში გატანილი 4 გოლი... მაგრამ, ფეხბურთის თამაში ხომ იმიტომ დავიწყე, რომ დასამახსოვრებელი სპორტული და არასპორტული ეპიზოდები შემეგროვებინა. ასე იყო ლოკომოტივთან ერთად გატარებული ეს თვეებიც. დავაგროვე ბევრი საინტერესო მოგონება და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ყველას, ვინც ქმნის თბილისის ლოკომოტივს. რაც მთავარია მადლობა გულშემატკივარს, ვისაც, ქართული ფეხბურთი უყვარს და სტადიონზე თუ ტელეკრანთან, ლოკომოტივს ქომაგობს.

მადლობა საინტერესო თავგადასავლისთვის".

გურამ კაშია თბილისის  „ლოკომოტივს" მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ამ დროში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში  „ლოკომოტივის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ბოლო დღეების განმავლობაში გურამ კაშიას სახელი სხვადასხვა უცხოურ გუნდს დაუკავშირდა, თუმცა ჯერ-ჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები