„წაუგებელი მოსამზადებელი ეტაპი ფსიქოლოგიურად გამოგვადგება
Aa
Aa

„წაუგებელი მოსამზადებელი ეტაპი ფსიქოლოგიურად გამოგვადგება" - გიორგი ჩხაიძე

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში ორი ამხანაგურ შეხვედრა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა. პირველი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა (3-2), ხოლო მეორე - ნულოვანი ფრით (0-0).

ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძის დებიუტი წარმატებული გამოვიდა - 2019 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ჩხაიძე - საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი

„მეორე თამაში რთული გამოვიდა. ვიცოდით, რომ რთული გამოვიდოდა, რადგან აზერბაიჯანს პირველი თამაში წაგებული ჰქონდა და ამიტომ, არაფერს კარგავდა. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმი ორმხრივი მომენტებით ძალიან კარგი სანახავი იყო. რაც მთავარია, ამ გუნდში ბრძოლა და სულისკვეთება დავინახე, რაც უმნიშვნელოვანესია.

ოფიციალური მატჩებისთვის ვემზადებით, ამის შემდეგ სამწვრთნელო სტაფი დავსხდებით და გავაანალიზებთ, ვინ გამოვიძახოთ და ვინ – არა.

მადლობა ფეხბურთელებს ბრძოლისა და თავდადებისთვის. მთავარია, რომ მოსამზადებელი ეტაპი წაუგებლად დავასრულეთ, რაც შემდეგი თამაშებისთვის ფსიქოლოგიურად გამოგვადგება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ქალთა ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები