Aa Aa
15 ივნისი 2021  |  18:20

კონფერენს ლიგის კენჭისყრის შემდეგ - გაგრას ფეხბურთელების პირველი კომენტარები

მიმდინარე წლის, 2021 წლის ზაფხულიდან ახალი ევროპული ტურნირის შექმნაა გეგმაში. გათამაშებას კონფერენს ლიგა ჰქვია და ის ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ანალოგი იქნება. 

გულშემატკივარი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იხილავს ლიგა 2-ის წარმომადგენელ „გაგრას", რომელმაც საქართველოს თასის ფინალში „სამგურალი" დაამარცხა (პენ. 3:5) და ევროზონაში მოხვდა. 

ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგა კირკიტაძის გუნდი მონტენეგროს წარმომადგენელ „სუტიესკას" დაუპირისპირდება.

CrystalSport-ი „გაგრას" ფეხბურთელებს დაუკავშირდა და კენჭისყრის შეფასება სთხოვა.

ვაკო ხაბელაშვილი: „ევროტურნირებზე სათამაშოდ მოტივირებულები ვართ, მიზანი პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვაა, ამიტომ რომელი გუნდი შეგვხვდებოდა პირველ ეტაპზე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სხვა დანარჩენზე ამის შემდეგ ვიფიქრებთ.

ემოციებს რაც შეეხება, დადებითად ვართ განწყობილნი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან ევროტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელს წავარდგენთ".

გიორგი ვეკუა: იმ სავარაუდო მეტოქეებიიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი გუნდი „ფეჰერვარი"იყო, თუმცა არც „სუტიესკაა" მათზე ნაკლები. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გაგვიმართლა. შეიძლებოდა უფრო სუსტი მოწინააღმდეგე შეგვხვედროდა ან უფრო ძლიერიც. დიდი პატივისცემის მიუხედავად, სასურველი მეტოქე სან-მარინოს ან მსგავსი პატარა ქვეყნის წარმომადგენელი უფრო იქნებოდა.

„სუტიესკას" ფეხბურთელები ფიზიკურად საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც ამ ტურნირზე დაბალი ლიგიდან ასპარეზობს, შესაბამისად, მეტოქეთა უმეტესობა ჩვენთან ფავორიტად ითვლება, თუმცა ფეხბურთი იმიტომაა საინტერესო და იმიტომ ჰყავს უამრავი გულშემატკივარი, რომ სენსაცია სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით უფრო ხშირად ხდება. ყველა გუნდთან შეიძლება ბრძოლა და თამაში.

რა თქმა უნდა, გუნდში საბრძოლო განწყობაა. პირველ რიგში, ეს არის შანსი, ჩვენი თავი და შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ. სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ. არ ვფიქრობ, რომ სასურველი შედეგი უბრალოდ კარგად თამაშია. რაც მეტ ეტაპს გადავლახავთ, მით უფრო გავიზრდებით.

ამ თამაშებამდე თვეზე ნაკლები რჩება, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანიც გვაქვს, უმაღლეს ლიგაში გადასვლა. უახლოესი მატჩს კი, მთავარ კონკურენტ, ბოლნისის „სიონთან", სტუმრად გავმართავთ, ამიტომ ჯერ მთელი ყურადღება მხოლოდ ამ მატჩს უნდა დავუთმოთ. ნებისმიერ ეტაპამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიხვიდე, ეს თამაშიც ერთ-ერთი ნაბიჯია მთავარი მიზნისკენ.

აქვე წარმატებას ვუსურვებ „დინამო" ბათუმს, გორის „დილასა" და „დინამო" თბილისს. ვისურვებდი, რომელიმე ქართული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს, ეს ჩვენი ჩემპიონატისთვისა და გუნდებისთვის საჭიროა".

გასულ წელს გაგა კირკიტაძის „გაგრამ'' ევროპულ ტურნირზე თამაშის უფლება ისტორიაში მეორედ მოიპოვა. 2011/12 წლების სეზონში „გაგრამ" ევროპულ ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და  ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ანორთოსისის" ბარიერი ვერ დაძლია.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება. 

გულშემატკივარი კონფერენს ლიგას 2021-2024 წლამდე იხილავს, ხოლო UEFA ტურნირის გაგრძელების შესახებ შემდეგ იმსჯელებს. მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება, ფინალი კი 2022 წლის მაისში შედგა. გადამწყეტ მატჩს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს.

ფოტოები: საფეხბურთო კლუბი „გაგრა"/საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში