კოპა ამერიკა: მესის ჯარიმა, რეკორდი და ფრე ჩილესთან
Aa
Aa

კოპა ამერიკა: მესის ჯარიმა, რეკორდი და ფრე ჩილესთან

კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და თავისთვის უხერხულ მეტოქესთან ჩილესთან მორიგი ფრე ითამაშა.

არგენტინამ შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველ ნახევარში მეტოქეს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა. „ალბისელესტეს“ უპირატესობა 33-ე წუთზე ლეო მესის ულამაზესი ჯარიმის შემდეგ განმტკიცდა.

ლიონელ სკალონის გუნდმა ტაიმი მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში ჩილე გააქტიურდა. მარტინ ლასარტეს გუნდი ბურთს 53%-ით აკონტროლებდა, კარისკენ 4-ჯერ დაარტყეს და ყველა ჩარჩოში მოახვედრეს.

ანგარიში კი 57-ე წუთზე გათანაბრდა, როცა არტურო ვიდალის გაფუჭებულ პენალტს ვარგასმა დაამატა.

უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი სანახაობრივი, დაძაბული და უხეში გამოდგა. ნეიტრალურ მაყურებლებს იმედები ნამდვილად არ გაცრუებიათ.

შეხვედრის მიწურულს, 97-ე წუთზე არგენტინა პენალტს ითხოვდა, თუმცა ხელით თამაშზე როგორც ჩანს წესები შეიცვალა და ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, კოპა ამერიკაზეც ბურთის ხელში მოხვედრის შემდეგ თერთმეტმეტრიანს მსაჯები აღარ ნიშნავენ.

„პენალტის გატანის შემდეგ ისინი უფრო მშვიდად ათამაშდნენ და ბურთსაც აკონტროლებდნენ. ჩვენ კი ეს ვერ შევძელით და თამაში გართულდა.

ბურთის კონტროლისას სწრაფად თამაში დაგვაკლდა, მათ კი ეს შეძლეს.

ტურნირის გამარჯვებით დაწყება გვსურდა, ეს მნიშვნელოვანი იყო, რთულ მეტოქესთან გამარჯვება გვინდოდა. ურუგვაისთანაც თანაბარი და რთული შეხვედრა გველის. ახლა ჩვენ ამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ“. - თქვა ლეო მესიმ მატჩის შემდეგ.

დღის მეორე შეხვედრაში პარაგვაიმ ბოლივიას 3:1 სძლია და ჯგუფში გალიდერდა. A ჯგუფში მეხუთე გუნდი ურუგვაია, რომელიც დღეს ისვენებდა.

P.S. ჩილეს კარში გატანილი გოლი მესისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით 73-ე გამოდგა და ეს, მან 145-ე შეხვედრაში გააკეთა.

ეს ასევე არის მესის 39-ე გოლი ნაკრებში ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში. „ლა პულგა“ გახდა ქვეყნის რეკორდსმენი და გაუსწრო გაბრიელ ბატისტუტას.

ლეომ კარიერაში გატანილი ჯარიმებით (57) კრიშტიანუ რონალდუს (56) გადაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები