Aa
Aa

"დაღლა დაგვეტყო" - ქალთა ნაკრების ფეხბურთელები აზერბაიჯანთან მატჩზე

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა კვლავ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა. ამჯერად მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა რეალიზება ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო. შეხვედრის შემდეგ, Crystalsport საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დაუკავშირდა და აზერბაიჯანთან გამართული დაპირისპირების შეფასება სთხოვა.

თათია გაბუნია

„ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ. აზერბაიჯანი კარგი გუნდია და საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკვანძო ფეხბურთელები გვაკლდა და ზოგადად ძალიან გადაღლილები ვართ. საკლუბო დონეზე 5-დღეში ერთხელ გვიწევს თამაში და ეს ძალიან რთულია.

გამოჩნდა, რომ ფიზიკურად საკმაოდ გაგვიჭირდა. დაღლა დაგვეტყო. ნაკრებშიც საკმაოდ ბევრი ვარჯიში გვიწევს და საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ მიღწეული შედეგით. არ დაგავიწყდეთ, რომ პირველი მატჩი მოვიგეთ.

ლელა ჭიჭინაძემ გასვლისას კაპიტნის სამკლაური გადმომცა, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. შოკში ვიყავი. სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი ხარ. მუშაობას გავაგრძელებთ და ვეცდებით მომავალში უკეთესი შედეგი დავდოთ. იმასაც გეტყვით, რომ გიორგი ჩხაიძე ყველა ფეხბურთელს აკვირდება და დღეს შედარებით შეცვლილი შემადგენლობით ვითამაშეთ. ეს თამაშები მომავალი ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად შესანიშნავი საშუალება იყო."

ნინი ჩხარტიშვილი

„კარგია, რომ არ წავაგეთ და ფრე ვითამაშეთ. ნაწილობრივ ამას კარგ შედეგად ვთვლი. გასათვალისწინებელია, რომ ახალი შეკრებილები ვართ და ახალი მწვრთნელი გვყავს. ვფიქრობ, 2 თამაშიდან 1 მოგება და 1 ფრე ცუდი შედეგი არ არის. ვერ მოგებას გადაღლილობას ვაბრალებ. საკლუბო ჩემპიონატი აქტიურად მიმდინარეობს და ბევრი თამაში გვიწევს. ძალების აღდგენა გვჭირდება. საერთო ჯამში დაღლილობას ვაბრალებ. მომენტებიც გვქონდა, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა.

შემდეგში მომენტების გამოყენებას ვეცდებით. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რაც ძალიან კარგი იყო. ენერგია არ დავზოგეთ. ბოლო წუთამდე ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ მეტიც შეგვიძლია. შემდეგი თამაშებისთვის უფრო შეთამაშებულები ვიქნებით. კარგი შემადგენლობა გვყავს და შედეგსაც დავდებთ. საკუთარ კედლებში წაგება არ გვინდოდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.“

მარიამ კალანდაძე

„ჩემპიონატის გრაფიკიდან და წინა თამაშის დატვირთვიდან გამომდინარე გადაღლა გვეტყობოდა მაგრამ ბრძოლისუნარიანობა არ დაგვითმია და ყველა ბოლომდე იბრძოდა. ბევრი რეალური მომენტი გვქონდა რაც ვერ გამოვიყენეთ მაგრამ მთავარია რომ არ წავაგეთ და ორთაბრძოლები არ დავთმეთ…

ორი თამაშიდან არცერთი არ წაგვიგია და ვფიქრობ კარგი შედეგია ამ შეკრების… მეორე თამაშზე თავიდან ცოტა ცვლილებები იყო რადგან ამხანაგური იყო და მწვრთნელმა მოთამაშეები სხვადასხვა ადგილას გამოსცადა. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე პირველი.საერთო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა და კარგი მოსამზადებელი ეტაპი  გავიარეთ მომდევნო თამაშებისთვის“

ნათია წოწერია

„დღევანდელი თამაში უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე პირველი, მართალია ვერ მოვიგეთ, მაგრამ არც წაგვიგია. რა თქმა უნდა, ყველას გაგვიხარდებოდა რომ მოგვეგო... ბევრი რეალური შანსი გვქონდა გოლის გატანის, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, ვიმედოვნებ შემდეგ თამაშებში, როდესაც შეკრება იქნება ყველაფერს გავაკეთებთ იმის თვის, რომ ვიბრძოლოთ და მოვიგოთ. კარგად ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ მაგრამ, რაღაც გვაკლდა, ყველაფერი გამოსწორებადია და წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ნაკრებს, მადლობას ვუხდი თითოეულ სტაფის წევრს, თითოეულ გუნდელს და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხეს და 2-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები