„მატჩის ბოლოს კითხვა დავუსვი
Aa
Aa

„მატჩის ბოლოს კითხვა დავუსვი" - ლორია დეპაისთან საუბარს იხსენებს

ევრო 2020-თან დაკავშირებით CrystalSport-მა გულშემატკივარს ახალი გადაცემა („საგოლე გადაცემა") შესთავაზა.  ევრო 2020-ის მაყურებელი ყოველდღიურად, CrystalSport-ის Facebook გვერდზე, საინტერესო სტუმრებს იხილავს.

CrystalSport-ის გადაცემის სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია იყო. საუბარი შეეხო ჩვენი ეროვნული ნაკრების ამხანაგურ მატჩებს და ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას. მატჩის ბოლოს ლორიასა და ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს შორის დიალოგი შედგა, რამაც გულშემატკივარში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა აღნიშნულ მომენტზე ისაუბრა.

ლორია დეპაისთან დიალოგზე

„მატჩის წინ, შუადღეს, ერთი-ერთზე მე და ირაკლი ჩიტაური (ნაკრების ანალიტიკოსი) ყოველთვის განვიხილავთ ხოლმე პენალტებს, ჯარიმებს, სტანდარტულებს, ანუ საერთო აზრი გამოგვაქვს. დეპაის პენალტებს ვუყურეთ, 15-მდე პენალტი ვნახეთ, 12 პენალტი მარჯვენა კუთხეში ჰქონდა დარტყმული, დანარჩენი - მარცხენა მხარეს. ხოდა, მატჩის ბოლოს ამაზე ვკითხე - სულ მარჯვნივ ურტყავ პენალტებს და ამჯერად მარცხნივ რატომ დაარტყი? მიპასუხა - ბურთთან რომ მოვედი, ბოლო წამს გადავწყვიტე მარცხნივ დარტყმა, იქამდე მარჯვნივ ვფიქრობდიო".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის მეორე ამხანაგური შეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს" სტადიონზე გამართა და ანგარიშით - 3:0 დამარცხდა.

ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდნენ, თუმცა შესაძლოა, საქართველო-ნიდერლანდების გზები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გადაკვეთილიყო. ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოთ მაკედონიამ საქართველოს (0-1) აჯობა და ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის C ჯგუფში ადგილი წაართვა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები