''ბაიერნიდან ზარმა მთელი გუნდი შოკში ჩააგდო'' - ინტერვიუ 17 წლის ქართველ ტალანტთან
Aa
Aa

''ბაიერნიდან ზარმა მთელი გუნდი შოკში ჩააგდო'' - ინტერვიუ 17 წლის ქართველ ტალანტთან

გერმანული გრანდი მიუნხენის ''ბაიერნი'' კომპანია ''ფოლკსვაგენთან'' ერთად მსოფლიო მასშტაბის პროექტს (FC Bayern World Squad) ახორციელებს, რომელიც მთელს მსოფლიოში 19-წლამდე ასაკის გამორჩეული ტალანტების შერჩევას გულისხმობს. რჩეულ 15 მოთამაშეს შორის 17 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ნიკა ნოზაძე მოხვდა, მან აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია Facebook-ში ''ბაიერნის'' ოფიციალური გვერდიდან შეიტყო, რის შემდეგაც საკუთარი თამაშის გამორჩეული მომენტები თავად დაამონტაჟა, გერმანულ კლუბში გააგზავნა და დადებითი პასუხი მიიღო.

„რეკორდმაისტერმა“ საკუთარი პროექტის ფარგლებში 64 ქვეყნის 654 ახალგაზრდისგან 1200-ზე მეტი მოკლე ვიდეო მიიღო, რომელზეც მათი საფეხბურთო შესაძლებლობები იყო აღწერილი და ნოზაძე სწორედ მათ შორის გამოარჩიეს. გადაწყვეტილება „ბაიერნის“ ყოფილმა კაპიტანმა, კლაუს აუგენტალერმა და ახალგაზრდული კლუბის თავკაცმა, კრისტოფერ ლოხმა მიიღეს.

აუგენტალერმა აღნიშნული პროექტის შესახებ ''ბაიერნის'' ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა: ''ბევრი ბიჭისთვის ფეხბურთი სირთულეებთან გამკლავების გზაა''.

აუგენტალერი გულისხმობდა იმ გარემოებას, რომ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში პროფესიული წარმატების გარდა ფინანსური სტაბილურობისა და აქედან გამომდინარე ბევრი პრობლემის გადაჭრის გზაა.

აუგენტალერი გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობს (1990 წელი)

აღნიშნული პროექტის შესახებ ''ბაიერნის'' ექს-ფორვარდმა ჯოვანი ელბერმა გერმანული გრანდის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა. მან გაიხსენა ''მილანში'' ტრანსფერი, როცა მოულოდნელად ვარსკვლავების გვერდით აღმოჩნდა: '' ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა მათ ასაკში ვიყავი. ერთ დღეს კლუბის პრეზიდენტი მოვიდა და მითხრა, რომ მილანში მივფრინავდით. ჩემთვის ამის დაჯერება რთული იყო, 18 წლის ვიყავი და პროფესიულ დონეზე ერთი მატჩიც არ მქონდა ჩატარებული. მოულოდნელად აღმოვჩნდი ბარეზის, რაიკაარდის, გულიტის, ვან ბასტენის გვერდით. მათთან ერთად ვვარჯიშობდი''.

ელბერი, რომელმაც 2001 წელს ''ბაიერნთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამჟამად კლუბის ელჩია სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიელი აღნიშნულ პროექტთან მიმართებით აღნიშნავს: ''ბიჭებისთვის ასეთი შანსის მიცემა ოცნების ასრულებას ჰგავს''.

CrystalSport-თან ინტერვიუში ნიკა ნოზაძე ლეგენდარულ კლაუს აუგენტალერთან ZOOM შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონთან ერთად კითხვებს მწვრთნელი კრისტოფერ ლოხი უსვამდა. საუბარი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

ინტერვიუდან ბევრისთვის უცნობ და საინტერესო ფაქტს შეიწყობთ. თბილისის ''ლოკომოტივში'' ნიკა ნოზაძის მთავარი მწვრთნელი გამოცდილი ვასილ მაისურაძე იყო. როგორც ნოზაძე აღნიშნავს, ყველაზე მეტი სწორედ მასთან მუშაობისას ისწავლა.

''ნორჩი დინამოელის'', თბილისის ''ლოკომოტივისა'' და ''გაგრას'' ასაკობრივი გუნდების ყოფილი ფეხბურთელი მიმდინარე წლის აპრილში ''მუხიანში'' გადავიდა, სადაც მისი მწვრთნელი თემურ ვარდუაშვილია.

მოცემულ ვიდეოში ნიკა ნოზაძის ''გაგრასა'' და ''მუხიანში'' ასპარეზობის კადრებია. მის თამაშზე გარკვეული შთაბეჭდილების შესაქმნებლად მოცემული ვიდეო დაგეხმარებათ, რომელიც თავად ფეხბურთელმა დაამონტაჟა.

17 წლის ტალანტი საკმაოდ ტექნიკურია, გადაცემებს რბილად ასრულებს, ლამაზად თამაშობს.

ნიკა ნოზაძის თამაშის გამორჩეული მომენტები

შეგახსენებთ, 21 ივნისს ნიკა ნოზაძე, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, მიუნხენში გაემგზავრება, ერთი კვირის შემდეგ კი გუნდთან ერთად 12-დღიან შეკრებას მექსიკაში გაივლის. აღნიშნული შეკრების შემდეგ გადაწყდება ნიკა ნოზაძე ''ბაიერნში'' გააგრძელებს კარიერას თუ სხვა ევროპულ კლუბს შეუერთდება. საუკეთესო მექსიკურ კლუბებთან შეხვედრას უამრავი სკაუტი დაესწრება და შესაძლოა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტიც გაუჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები