''ერიკსენი არ დაინფიცირებულა, ვაქცინა არ გაუკეთებია'' - მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩება
Aa
Aa

''ერიკსენი არ დაინფიცირებულა, ვაქცინა არ გაუკეთებია'' - მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩება

მილანის ''ინტერის'' აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ კრისტიან ერიკსენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით 29 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

''ერიკსენის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დანიის ეროვნული გუნდის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ვითარება კონტროლის ქვეშაა. უახლოეს დღეებში ერიკსენი სრულყოფილ გამოკვლევას ჩაიტარებს''.

მაროტამ ასევე აღნიშნა: ''ერიკსენი კორონავირუსით ინფიცირებული არ ყოფილა და მას ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია''.

მილანის ''ინტერის'' ექიმი პიერო ვოლპი Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა: ''ტოტენჰემსა'' თუ ''ინტერში'' ყოფნისას არასდროს ყოფილა მომენტი, რაც ერიკსენთან მიმართებით ამგვარი პრობლემისკენ მიგვანიშნებდა. იტალიაში სამედიცინო შემოწმებები ძალიან მკაცრად ტარდება''.

ლონდონის ''ტოტენჰემში'' ასპარეზობის პერიოდში სკანდინავიელი ფეხბურთელის კარდიოლოგო სანიაი შარმა იყო, რომელმაც განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში ასპარეზობისას ერიკსენი გულის პრობლემას არასდროს შეუწუხებია.

დანიის ეროვნული ნაკრების ექიმის, მორტენ ბოესენის განცხადებით კრისტიან ერიკსენს ფინეთთან შეხვედრაში გული გაუჩერდა.

''მინდორზე დაცემისას კრისტიან ერიკსენს გული გაუჩერდა. ჩვენი ჩარევის შემდეგ გულის მუშაობა აღდგა. მისი გარდაცვალების რამდენად დიდი შანსი იყო? არ ვიცი, თუმცა გულის დეფიბრილაციის შემდეგ გულის მუშაობა სწრაფად აღდგა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა, თუმცა ჩვენთვის უცნობია რამ განაპირობა გულის გაჩერება''.

ბოესენის საუბრიდან გამომდინარე, მთავარი კითხვა, რაც გულის გაჩერების მიზეზს გულისხმობს, უპასუხოდ რჩება.

შეგახსენებთ, მილანის ''ინტერის'' ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი, რომელმაც ევრო 2020-ის პირველ ტურში ფინეთთან მატჩში გონება დაკარგა, კლინიკაში გადაყვანიდან მცირე პერიოდში ე.წ. ''ფეისთაიმით'' კლინიკიდან თანაგუნდელებს ესაუბრა. ერიკსენი თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან თანაგუნდელებს სთხოვა, რომ მათ მატჩი დღეს დაესრულებინათ. აღნიშნულ ინფორმაციას ZDF sportstudio ავრცელებს.

მოგვიანებით, UEFA-მ შეხვედრის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, მატჩის ერთადერთი გოლი ბერლინის ''უნიონის'' 26 წლის ფორვარდმა იოელ პოჰიანპალომ გაიტანა და ფინეთის ნაკრების ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა. მან თავი მე-60 წუთზე გამოიჩინა. ამ გოლის შემდეგ დანიის ნაკრების მხრიდან ჰოიბერგს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები