Aa
Aa

"არ დავნებდები" - ერიკსენის პირველი კომენტარი

მთელი სპორტული სამყარო ბოლო დღეებში კრისტიან ერიკსენის ინციდენტმა შეძრა, რომელიც საბედნიეროდ კარგად დასრულდა. საიმონ კიაერმა და შემდეგ დანიელთა მედშტაბმა დროულად იმოქმედეს, რამაც ფეხბურთელს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

დღეს, იტალიურმა გაძეტა დელო სპორტმა ერიკსენის ექსკლუზიური კომენტარი გაავრცელა. დანიელი ფეხბურთელი პრესას გულის შეტევის შემდეგ პირველად ესაუბრა:

„არ დავნებდები. ახლა უკეთ ვარ, მაგრამ მინდა გავიგო რა დამემართა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ“.

გაძეტამ მხოლოდ ეს მოკლე კომენტარი გაასაჯაროვა. შესაძლოა უახლოეს დღეებში ექსკლუზიური ინტერვიუც ვიხილოთ.

ერიკსენს კარიერის დასრულება მოუწევს?

დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოესენმა კრისტიანის შესახებ ისაუბრა. ბოესენი ინციდენტსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს:

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ერიკსენის ოჯახს ველაპარაკე. საუბრის დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რაც ყველამ ნახეთ. როდესაც კრისტიანი დაეცა მოედანზე გვიხმეს. უშუალოდ მომენტი არ დამინახავს, მაგრამ ნათელი იყო, რომ იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როცა მასთან მივედით პულსი ესინჯებოდა და სუნთქავდა კიდეც, თუმცა მალევე პულსი დაიკარგა და სიტუაცია გაუარესდა. მაშინვე დავიწყეთ კარდიოპულმონარული რეანიმაცია, რის შემდეგაც საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ერიკსენი ჰოსპიტალში გადაყვანამდე მესაუბრა.

მისი გარდაცვალების რამდენად დიდი შანსი იყო? არ ვიცი, თუმცა გულის დეფიბრილაციის შემდეგ გულის მუშაობა სწრაფად აღდგა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა, თუმცა ჩვენთვის უცნობია რამ განაპირობა გულის გაჩერება“.

Sportskeeda Football-ის ცნობით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელმა კარიერა პროფესიონალურ დონეზე გააგრძელოს. ამ ეტაპზე ამ საკითხზე ერიკსენს, მის აგენტსა და ოფიციალურ პირებს არ უსაუბრიათ, თუმცა კარიერის შეწყვეტის შანსი ძალიან დიდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები