ხუთივე რაუნდი ჩემპიონს - ადესანიამ ვეტორი დაამარცხა და უიტეკერი გამოიწვია
Aa
Aa

ხუთივე რაუნდი ჩემპიონს - ადესანიამ ვეტორი დაამარცხა და უიტეკერი გამოიწვია

იან ბლახოვიჩთან განცდილი მარცხის შემდეგ, ისრაელ ადესანია საშუალო წონით დივიზიონში დაბრუნდა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა. „იზი“ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

„ბოლო სტაილბენდერმა" იტალიელ მებრძოლს შანსი არ დაუტოვა და მისი თეიქდაუნების წინააღმდეგ დაცვაში შესანიშნავად იასპარეზა. ნიგერიელმა მეტოქეს თავისი უპირატესობების გამოყენების საშუალება არ მისცა და სამივე მსაჯმა ხუთივე რაუნდში ანგარიში მის სასარგებლოდ დააფიქსირა - 50-45, 50-45, 50-45.

„გამაოცა რამემ, რაც ამ საღამოს მოხდა? არა! პრესკონფერენციაზე, როცა ვეტორი წამოდგა, მე ვიჯექი, რადგან მისგან საფრთხეს ვერ ვგრძნობდი, თუმცა სანამ ფორმალობებზე გადავიდოდეთ მინდა, ვისაუბრო ბიჭზე, რომელიც მოკლეს. ფაუ ვეიკ, ფაუ ვეიკ, ფაუ ვეიკ, მე შენ მიყვარხარ ძმაო. ამ ბრძოლას შენ გიძღვნი. მინდა, იცოდე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, შენ სპარინგში UFC-ის ჩემპიონი დაამარცხე.

რა მოხდება შემდეგში? ხომ იცნობთ ავსტრალიელ მებრძოლს და ჩემს დაუძინებელ მტერს? მისი სახელი დამავიწყდა... რობერტ უიტეკერზე მაქვს საუბარი. არ ვიცი, კორონავირუსის პანდემიის გამო რა მოხდება, თუმცა ოქტაგონზე უნდა დავბრუნდეთ, ოღონდ ამჯერად ოკლენდში, ჩემს ტერიტორიაზე უნდა ვიჩხუბოთ და გადაწყვეტილებას შენ კი არა, მე ვიღებ, რადგან მეფე ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ადესანიას ანგარიშზე 21 მოგება და 1 მარცხია. „ბოლო სტაილბენდერმა“ საჩემპიონო ქამარი სწორედ რობერტ უიტეკერის დამარცხებით დაისაკუთრა და მისი გამოწვევის გამო ნიგერიელმა ქომაგთა პატივისცემა დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები