„ბაიერნის 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი მეორე დღესვე დამიკავშირდა
Aa
Aa

„ბაიერნის 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი მეორე დღესვე დამიკავშირდა" - ნიკა ნოზაძე

პროფესიონალურ ფეხბურთელობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ოცნებობს. „ბაიერნი“ და მისი პარტნიორი, Volkswagen 19-წლამდე ასაკის 15 ახალგაზრდას ოცნებასთან მიახლოების შანსს აძლევს. ერთ-ერთი მათგანი ქართველი ფეხბურთელი, ნიკა ნოზაძეა.

„რეკორდმაისტერმა“ საკუთარი პროექტის, FC Bayern World Squad-ის ფარგლებში 64 ქვეყნის 654 ახალგაზრდისგან 1 200-ზე მეტი მოკლე ვიდეო მიიღო, რომელზეც მათი საფეხბურთო შესაძლებლობები იყო აღწერილი. ნოზაძე სწორედ ამდენ ადამიანს შორის შეირჩა. გადაწყვეტილება „ბაიერნის“ ყოფილმა კაპიტანმა, კლაუს აუგენტალერმა და ახალგაზრდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფერ ლოხმა მიიღეს.

სამომავლო გეგმების შესახებ ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა. ნოზაძის თქმით, „ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი, კლაუს აუგენტალერი მას მეორე დღესვე დაუკავშირდა და სამომავლო გეგმების შესახებ განუმარტა:

ნიკა ნოზაძე: „ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში, „ნორჩ დინამოში“ დავიწყე,  საიდანაც თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელებმა შემამჩნიეს, ამ გუნდში რამდენიმე სეზონი გავატარე. „ლოკომოტივის“ შემდეგ „გაგრაში“ გადავედი, ამჟამად კი  საფეხბურთო კლუბ „მუხიანში“ ვთამაშობ.

 „ბაიერნში“ დასაკმაყოფილებელი მხოლოდ ორი კრიტერიუმი იყო: უნდა ყოფილიყავი 2003 ან 2004 წელს დაბადებული და უნდა გაგეგზავნა თამაშის ამსახველი კადრები, სადაც მაქსიმალურად კარგად იქნებოდა ასახული საფეხბურთო უნარები და შესაძლებლობები, რის მიხედვითაც შემდეგში შერჩევა მოხდებოდა.

მოულოდნელი იყო, როდესაც მეორე დღესვე „ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი, კლაუს აუგენტალერი დამიკავშირდა და გუნდში გაწევრიანება მომილოცა, გამაცნეს სამომავლო გეგმებიც - 21 ივნისს, მიუნხენში შევიკრიბებით, ზუსტად ერთ კვირაში მექსიკაში, 12 დღით წავალთ, სადაც მექსიკის საუკეთესო გუნდებთან 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ.

რაც შეეხება პირად გეგმებს, მთავარი მიზანია ახალ კლუბში თავი დავიმკვიდრო. რა თქმა უნდა, მთავარი ოცნებაა,  ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში“.

აღსანიშნავია, რომ პროექტთან დაკავშირებით 6-ნაწილიან დოკუმენტურ ფილმსაც გადაიღებენ, რომლის პრემიერა „ბაიერნის“ Youtube არხზე, აგვისტოს შუა რიცხვებში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები