„ჩემი საფირმო დარტყმა ფეხბურთსა და ზიდანს უკავშირდება
Aa
Aa

„ჩემი საფირმო დარტყმა ფეხბურთსა და ზიდანს უკავშირდება" - ჭიკაძე ტოპ მებრძოლებისთვის მზადაა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ Caged Minds-თან ედსონ ბარბოსასთან შესაძლო ჩხუბსა და საკუთარ საფირმო დარტყმაზე ე.წ Giga Kick-ზე ისაუბრა.

„ჩემი წონითი დივიზიონის მაღალ ეშელონში შესასვლელად მზად ვარ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასე არაა. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც მხარს თავიდანვე მიჭერდნენ და ამბობდნენ, რომ გიგა UFC-ის მომდევნო ჩემპიონია, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ UFC-მ მარტივი ბრძოლები დამინიშნა.

UFC-ში პირველი ნაბიჯების გადადგმისას ძალიან ფრთხილი ვიყავი და საკუთარ თავს ვცდიდი, რადგან არ მინდოდა, იგივე მომხდარიყო, რაც Contender Series-ში მოხდა. როცა ამ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გავაფორმე, ამბობდნენ, რომ მომდევნო სუპერვარსკვლავი ვიყავი და ა.შ, თუმცა როგორც კი დავმარცხდი, ყველაფერი განადგურდა. ამიტომ, UFC-ში გამართული პირველი ბრძოლებისას არ ვჩქარობდი და საკუთარ თავს ჭიდაობასა და ჯიუ ჯიცუში ვცდიდი, შემდეგ კი ჩემი სტილი ვიპოვე და ახლა ტოპ მებრძოლებისთვის მზად ვარ.

ედსონ ბარბოსასთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი. ის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მებრძოლია და ეს ჩემში იწვევს იმას, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენო. ეს არის ბრძოლა, რომელიც გულშემატკივრებს ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე მუშაობა და საუბრები მიდის. 

ჩემს საფირმო დარტყმას რაც შეეხება, კარატეში გამოცდილება მაქვს და წარსულში ერთსა და იმავე დარტყმაზე 1000-ჯერ და უფრო მეტჯერ ვმუშაობდით. როცა ამ დარტყმის გამოყენება დავიწყე, ძალიან პატარა ვიყავი. მაშინ ფეხბურთსაც ვთამაშობდი და ამ სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ. რაღაც მხრივ, ჩემი საფირმო დარტყმა სწორედ ფეხბურთს უკავშირდება. მახსოვს, ზიდანის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი ულამაზესი გოლი და მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: „ჯანდაბა, ეს ჩემი დარტყმაა. ამ ბიჭმა საფირმო დარტყმა მომპარა“. ამის შემდეგ, ზიდანის მიერ განხორციელებული დარტყმის მიმართულება შევისწავლე, თუ რა და როგორ გააკეთა და ეს ჩემთვის გარკვეულწილად ძალიან კარგი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს კარიერაში 15 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგება და 2 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები