შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და 18 ქულა - ცსკა-ს ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს
Aa
Aa

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და 18 ქულა - ცსკა-ს ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB გაერთიანებული ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში „უნიქსს“ მეორე შეხვედრაც მოუგო და ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აშორებს. „არმიელებმა“ მეტოქეს შანსი არც ამჯერად დაუტოვეს და 76-57 იმარჯვეს.

ცსკა-მ მატჩის პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. თოკოს გუნდმა საწყისი მეოთხედი 8 ქულით მოიგო, ხოლო დიდ შესვენებაზე წინ 17 ქულით იყო. ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა. „არმიელებმა“ მესამე მეოთხედში 3 ქულით იმარჯვეს და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ.

შენგელიას ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა და თავის გუნდში საუკეთესო იყო. თოკომ 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 13-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააფუჭა და 12-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ „უნიქსს“ შენგელიას შეჩერება ძალიან გაუჭირდა და მის წინააღმდეგ 10-ჯერ! დაჯარიმდა.

თოკოს გარდა, ცსკა-ს რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ ფოიტმანმა გადალახა - 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი. ლუნდბერგმა 8 ქულა მიითვალა, ხოლო კლაიბერნის ანგარიშზე 5 ქულა და 4 მოხსნა იყო. „უნიქსს“ 15 ქულით უაითმა ულიდერა. სმიტს 11 ქულა ჰქონდა, ხოლო ვოლტერსმა 9 ქულა გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ სტუმრად გამართული 2 შეხვედრის შემდეგ, ცსკა „უნიქსს“ საკუთარ კედლებში უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები