Aa Aa
7 ივნისი 2021  |  20:35

ანალიზი: რა დაგვანახა სანიოლის ექსპერიმენტებმა

ივნისის ამხანაგურმა მატჩებმა გულშემატკივართა აზრი ორად გაყო - ერთი ნაწილი საკმაოდ კრიტიკულია ისევე როგორც მწვრთნელის, ასევე კონკრეტული ფეხბურთელების მიმართ, მეორე ნაწილი კი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება და სექტემბრის შეხვედრებისთვის ოპტიმიზმს ინარჩუნებს.

ამხანაგური მატჩების მთავარი მიზანი ფეხბურთელებისა და ტაქტიკის გამოცდაა. სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად გვექცა ყველა შეხვედრის წინ 5-6 მნიშვნელოვანი მოთამაშის არყოფნა, რაც საშუალებას არ გვაძლევს, რომ ჩვენი ნაკრების რეალური ძალა ვიხილოთ.

ვილი სანიოლმა რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებში შანსი თითქმის ყველა მოთამაშეს მისცა და 2 განხვავებული ტაქტიკური სქემა გამოიყენა, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოაჩინა.

ტრადიციულად, ამჯერადაც შევეცდები თქვენი ყურადღება ყველა საინტერესო ნიუანსზე შევაჩერო - პლუსები, მინუსები და ის, რისი გამოსწორებაც კოსოვოსთან მატჩამდე გვჭირდება.

პირადად ჩემთვის რამდენიმე დეტალი დიდ ინტერესს იწვევს და დღეს მათზე გესაუბრებით. ნახევარდაცვით დავიწყოთ.

ნახევარდაცვა - სანიოლის სამეულებმა არ ივარგა

რუმინეთთან მატჩში ჩვენმა მწვრთნელმა დაუშვილი-კვეკვესკირი-აბურჯანიას სამეულზე შეაჩერა არჩევანი. პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ და ეს დიდწილად სწორედ ნახევარდაცვის ცენტრის ბრალი იყო.

მეორე ნახევარში კიტეიშვილის მოედანზე გამოჩენისთანავე გუნდი ამოძრავდა, შეტევები გამწვავდა და მომენტები შეიქმნა. პირველი გოლი სწორედ „კიტემ“ შექმნა, რომლის გარეშეც ჩვენი ნახევარდაცვა ვეღარ წარმომიდგენია.

რა მინუსი აქვს ნახევარდაცვის ასეთ სამეულს? აბურჯანია და კვეკვესკირი დაახლოებით ერთი ტიპის შუახაზელები არიან - ბურთის დამჭერი, კარგი პასით, თუმცა ორივე საკმაოდ ნელია და მათთან ერთად დაუშვილის მოედანზე ყოფნა გუნდის შემტევ პოტენციალს ასუსტებს, რადგან ძირითადში ერთდროულად 3 ნაკლებად შემტევი ნახევარმცველი ზედმეტია.

სანიოლი ჭკვიანი მწვრთნელია და მან ამ მატჩებში რამდენიმე ვარიანტი გამოსცადა. პირადად ჩემთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან შესარჩევის შეხვედრებისთვის ასეთი რამ კიდევ გააკეთოს.

ნიდერლანდებთან ფრანგმა სპეციალისტმა ბევრისთვის მოულოდნელად სქემა შეცვალა - 5-2-3 ვიხილეთ და ალბათ დრო იყო ჩვენი ნაკრების შესრულებით ხუთი მცველით თამაშიც გვენახა. ექსპერიმენტებისა და რისკებისთვის საუკეთესო დრო სწორედ ამხანაგური მატჩებია.

მეორე ტაიმში სანიოლმა თამაშში დაუშვილი და კვეკვესკირი ჩართო, თუმცა ცვლილებები დააგვიანა. თუ ბუბამ რუმინეთთან ცუდად ითამაშა და ბურთი უამრავჯერ დაკარგა, ამჯერად საქართველოს ნაკრებს მეტოქიდან გამომდინარე ბურთი თითქმის არ ეჭირა და მოედანზე სწორედ დაუშვილის ტიპის ხისტი ჩამშლელის ყოფნა იყო საჭირო.

ბურთის ამოსატანად კი ასეთ დროს გვილიაზე გაცილებით კარგი ვარიანტი ნიკა კვეკვსკირია.

ჩვენმა მწვრთნელმა ორივე მატჩში ნახევარდაცვის ცენტრი არასწორად შეარჩია, თუმცა ჩემი აზრით ეს უფრო ექსპერიმენტი იყო, ვიდრე ცალსახა შეცდომა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სქართველოს ნაკრები სამომავლოდ მსგავსი ტიპის შუა ხაზით ითამაშებს.

რატომ ვერ ვითამაშეთ 5-2-3 სქემით?

ქომაგებიც და ექსპერტებიც ხუთმცველიანი სქემის შიგადაშიგ გამოყენებაზე ხშირად საუბრობდნენ. საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ახალი ტაქტიკით ცუდად ითამაშა. რატომ? სქემა ახალი იყო, ეს ერთი მიზეზია. გუნდმა კარგად შეთამაშება და გადაწყობა ვერ მოასწრო. კითხვაზე მეორე პასუხი ფეხბურთელებშია. შესაბამისი მოთამაშეები არ იყვნენ, რომლებიც ამ სქემას მოერგებოდნენ.

როცა 5 უკანახაზელით თამაშობ, აუცილებელია განაპირა მცველებმა მთელი ფლანგი აკონტროლონ და განსაკუთრებით შეტევაში იაქტიურონ. ასეთი რამ კი ნიდერლანდებთან ვერ ვნახეთ, რადგან შემტევი სამეული ჩვენი მეტოქის მცველებისთვის პრობლემებს ვერ ქმნიდა. მასპინძლები მათგან საფრთხეს ვერ გრძნობდნენ და შეტევაშიც თამამად მიდიოდნენ.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, ცენტრი გვილიასა და აბურჯანიას ებარათ, კიტეიშვილი კი უფრო წინ იყო წაწეული, რამაც არ გაამართლა, რადგან ნაკრებს ბურთის ამოტანა უჭირდა.

კანკავას გარეშე, კვეკვესკირიც თადარიგში იყო, „კიტე“ წინ აწეული - გვილიამ და აბურჯანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს, თუმცა „აბუს“ შესახებ უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს აშკარად მოუმატა და თუ მის ნიჭს სრულად გამოიყენებს, სამომავლოდ ნაკრებისთვის შეუცვლელი ფიგურა იქნება.

პლუს ამას, გუნდი ახალი სქემით თამაშს მიჩვეული არ იყო, მეტოქე კი გამოცდილი, შეთამაშებული და ძალიან ძლიერი გვყავდა. ამ ყველაფერს მომენტების გამოუყენებლობა დაემატა, რამაც მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა და საბოლოოდ გადავრჩით, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წავაგეთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, გიორბელიძისა და კაკაბაძის პასიურობა სქემასთან შეუთამაშებლობის გარდა, შემტევების ინერტულობის ბრალიც იყო. ზივზივაძე, კიტეიშვილი და ლობჟანიძე თამაშს ვერ ამწვავებდნენ, მაღალ პრესინგსაც ვერ ვთამაშობდით და მეტოქე წინ დიდი ძალებით გადმოდიოდა. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი ის სცენარი მოგვცა, რაც საბოლოოდ ვიხილეთ.

რა თქმა უნდა, კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს, რომ ეთამაშათ, ასეთ შემთხვევაში თუნდაც დუმფრისი (ნიდერლანდების მარჯვენა მცველი) შეტევაში ისე თამამად ვეღარ ავიდოდა, რადგან დაცვაში ბევრი სამუშაო ექნებოდა.

სანიოლმა ყველაზე კარგად რაც გათვალა საბა ლობჟანიძის პოზიცია იყო. საწყის წუთებში გამოჩნდა, რომ მასპინძლებს დაცვაში ხარვეზები ჰქონდათ, კონკრეტულად კი ბლინდი საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა. პოზიციურად არადამაჯერებელი იყო და სისწრაფეშიც მოიკოჭლებდა.

სანიოლს ეს გათვლა ჰქონდა - სწრაფი ლობჟანიძის მისამართით გაკეთებული გრძელი პასები. მომენტი მალევე შევქმენით, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე საშემსრულებლო ოსტატობა არ გვეყო.


შესვენებაზე კი დე ბურმა ბლინდი თამაშიდან მოხსნა. სანიოლსაც შეეძლო გვილია დროულად მოეხსნა.

გვილია - პრობლემა, რომელიც სულ უფრო მწიფდება და დროულად უნდა გადაიჭრას

ვაკო გვილიას ნაკრებში კარგი მატჩები აქვს ჩატარებული და იყო დრო, როცა ჩვენი გუნდისთვის საჭირო კადრი იყო, თუმცა ეს 2-3 წლის წინ. ამჟამად იგი სასურველი ფორმისგან ძალიან შორსაა და ამას ექსპერტის თვალით შეხედვა საერთოდ არ სჭირდება.

პოზიციიდან გამომდინარე გვილიას მოედანზე ბევრი რამ ევალება - ბურთის ამოტანა, პრესინგის თამაში, შეტევებში მონაწილეობის მიღება. ვაკომ ბოლო შეხვედრებში შედარებით ნორმალურად ართმევაზე ითამაშა, სხვა კომპონენტებში კი ძალიან სუსტი იყო.

თუნდაც ნიდერლანდებთან 2 ისეთი მომენტი შეექმნა... ერთი მათგანი მაინც, რომ გოლით დასრულებულიყო მასპინძლებს კომფორტის ზონიდან გამოვიყვანდით, მატჩს კი უფრო ღირსეული შედეგითა და სცენარით დავასრულებდით.


კაშია და კანკავა - გუნდში შეუცვლელი მხოლოდ კვარაცხელია როდია

ჩვენი ნაკრების ორი გამოცდილი წევრი, რომლებსაც ახალგაზრდებმა უნდა მიბაძონ და რომელთა გარეშეც სანიოლის გუნდის წარმოდგენა რთულია - ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ასაკის მიუხედავად მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებიან და თითოეული მატჩის შემდეგ სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ჯერჯერობით საქართველოს ნაკრებს მათი შეცვლა ძალიან გაუჭირდება.

დაცვის ცენტრში ლაშა დვალი უკეთესის სურვილს ტოვებს. საბა კვერკველია უკვე დიდი ხანია სასურველი ფორმისგან შორსაა. ხოჭოლავა თითქოს ის კადრია, რომელიც ძირითადის უცვლელი წევრი უნდა გახდეს, თუმცა ჯერჯერობით სტაბილურობა აკლია. კაშია კი ამ ასაკშიც, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე - აჩვენებს იმ თამაშს და ის ფეხბურთელია, რომელზეც მთელი ჩვენი დაცვა არის აწყობილი.

ანალოგიურად არის კანკავას შემთხვევაშიც. ჯაბას არყოფნის დროს მოედნის ცენტრში სივრცეები რჩება და მის ათვისებას ვერავინ ახერხებს.

ეს პრობლემა ბოლო ორმა მატჩმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა.

კაშიაც და კანკავაც შეუცვლელები არიან, ორივე მათგანი ასაკშია და მათ მალე შემცვლელები დასჭირდებათ. ეს მწვრთნელისთვის უახლოეს მომავალში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უნდა იყოს.

ფორვარდის პოზიცია - უკვე ყველაფერი ნათელია

გიორგი მიქაუტაძე ნელ-ნელა ჩვენი ნაკრებისთვის შეუცვლელ ფორვარდად ყალიბდება.

წლებია უკვე ვერც ქვილითაიამ, ვერც კაჭარავამ და ახლა უკვე ვერც ზივზივაძემ ვერ დაგვანახეს ის თამაში, ის თვისებები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს სჭირდება.

მიქაუტაძის არყოფნის (ტრავმის დროს, რაც იმედია იშვიათად მოხდება) შემთხვევაში ცრუ ცხრიანით თამაში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ამ პოზიციაზე ოქრიაშვილს თამაშის გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ ზივზივაძეს და მის მიმართ არსებულ კრიტიკას. ამხელა აგრესია არასწორია. ჯერ ვაისს აკრიტიკებდნენ არ იძახებსო, ახლა სანიოლი გააკრიტიკეს რატომ ათამაშებსო.

სანიოლმა ყველა გამოსცადა, შანსი ყველას მისცა, თან ეს უმოკლეს დროში გააკეთა და ახლა სექტემბრისთვის მისთვის შემადგენლობისა და სქემის შერჩევა გაცილებით მარტივი იქნება.

მომავალი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს

სასიამოვნო ფაქტია, რომ ყოველ მომდევნო შეკრებაზე სანიოლი ნაკრებში შანსს ახალ მოთამაშეებს აძლევს. ამჯერად ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ირაკლი აზაროვმა და ლაზარე კუპატაძემ. ორივე მათგანს სამომავლოდ მომატება და ნაკრებისთვის დახმარების გაწევა ნამდვილად შეუძლიათ.

ახალ სახეებთან ერთად ტრავმირებულების დაბრუნებასაც ველით.

ტელეკომპანია „იმედთან“ გადაცემა „სპორტი იმედზე“-ში გიორგი ჩაკვეტაძის ინტერვიუ ვიხილეთ, რომელშიც „ჩაკვემ“ მისი მოედანზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა:

„ტრავმა ბოლომდე მოვირჩინე და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. თამაში ახლაც შემიძლია. იმ დროისთვის მზად ვიქნები და საქართველოს ნაკრებს სექტემბერში გასამართ მატჩებში დავეხმარები“.

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, ყველა ჩვენგანს თვალწინ კვარაცხელია-ჩაკვეტაძის დუეტი წარმოგვიდგა...

იმედი ვიქონიოთ, რომ ტრავმები თავს დაგვანებებს და 2 მატჩით მაინც ჩვენი ნაკრების რეალურ ძალას ვნახავთ.

გარდა ჩაკვეტაძისა, სანიოლის განკარგულებაში კიდევ ერთ ახალგაზრდა და ნიჭიერ შემტევს ველოდებით: „საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ, გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები“, - ამბობს გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც უკვე ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელად ითვლება.

ვილი სანიოლის ნაკრები 2 სექტემბერს დაგვიბრუნდება. ბათუმში ახალ სტადიონზე, ახალი სახეებით, ახალი ენერგიითა და ყველა მნიშვნელოვანი კადრით - კოსოვოსთან 3 ქულისთვის ვითამაშებთ, შემდეგ კი 6-ში ესპანეთში „ფურია როხა“ გველოდება.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ. ოპტიმიზმი კი თავად იმედია. იმედი კარგი რამაა, შესაძლოა საუკეთესოც და ის ბოლოს კვდება. კარგი ის არის, რომ არ ვიცით ეს ბოლო როდის იქნება.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში