„ლიეტუვასთან ფრე კატასტროფა არ არის
Aa
Aa

„ლიეტუვასთან ფრე კატასტროფა არ არის" - ავთანდილ ასათიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ისთვის მზადების ფარგლებში ლიეტუვის წინააღმდეგ ორი ამხანაგური მატჩი გამართა, პირველი შეხვედრა მოუგო (2-0), ხოლო მეორე მატჩში ფრეს დასჯერდა (2-2).

გასული შეხვედრების შესახებ ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ისაუბრა.

ავთანდილ ასათიანი ლიეტუვასთან მატჩებზე

„მეორე შეხვედრაში ფრე კატასტროფა არ არის, რადგან ეს მატჩები მოთამაშეებზე დასაკვირვებლად, როტაციისთვის გამოვიყენეთ. მწვრთნელებს გვაინტერესებდა, რომელი ოთხეული შეიძლებოდა გამოგვეყენებინა, რამ გაამართლა, რამ არ გაამართლა. ასე, რომ ჩატარებულ შეხვედრებს შევაფასებთ, დასკვნებს გამოვიტანთ და ის მიკრო-შეცდომები, რაც იყო შემდეგ მატჩებში გამოსწორებული იქნება.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრებში იმ ფეხბურთელებს მივცემთ შანსს, ვინც ნაკლები სათამაშო დრო მიიღო. აუცილებელია, ყველას დავაკვირდეთ, იანვარში (ევროპის ჩემპიონატი) საუკეთესო შემადგენლობა რომ გვყავდეს.

მოკლედ, ჩვეულებრივი პროცესია, მუშაობას გავაგრძელებთ. იმედს ვიტოვებ, რომ იანვარში ფორმის პიკში ვიქნებით“.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები არსებობის განმავლობაში პირველად ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში გამართულ 6 შეხვედრაში 10 ქულა დააგროვა და კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება საუკეთესო მეორე ადგილოსნის სტატუსით მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები