მეორე ამხანაგური მატჩი - საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლიეტუვასთან ფრეს დასჯერდა
Aa
Aa

მეორე ამხანაგური მატჩი - საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლიეტუვასთან ფრეს დასჯერდა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ლიეტუვას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ავთანდილ ასათიანის გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა და მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და მე-3 წუთზე ვახტანგ კეკელიას გოლით ანგარიში გახსნა. მიღებული ბურთის შემდეგ, ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და ედგარას ბარანაუსკასის გოლით წონასწორობა აღადგინეს.

პირველ ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა. მე-14 წუთზე ვახტანგ კეკელიამ დუბლი მიითვალა და საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა, თუმცა 3 წუტში არტურ იუხნომ გაათანაბრა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მეორე ნახევარში ჩვენები უტევდნენ და გოლის გატანის შანსებიც ჰქონდათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები არსებობის განმავლობაში პირველად ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში გამართულ ექვს შეხვედრაში ათი ქულა დააგროვა და კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება საუკეთესო მეორე ადგილოსანის სტატუსით მოიპოვა.

გიორგი ღავთაძის კომენტარი

ფოტო - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები