ევრო 2020: ვილი სანიოლმა მთავარი ფავორიტი დაასახელა
Aa
Aa

ევრო 2020: ვილი სანიოლმა მთავარი ფავორიტი დაასახელა

11 ივნისს სტარტს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი აიღებს. გახსნითი მატჩი თურქეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის შედგება და თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად სწორედ საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდი მიაჩნია:

„ჩემი აზრით, საფრანგეთს დღეს გამორჩეული ნაკრები ჰყავს და კვლავ ნომერ პირველები არიან, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ისინი მსოფლიო ჩემპიონები არიან. ვფიქრობ, ბელგიასაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. იოაჰიმ ლიოვის გერმანია ბელგიას და საფრანგეთს ოდნავ ჩამორჩება, მაგრამ მასაც ძლიერ კონკურენტად მივიჩნევ.

ესპანეთი ყოველთვის ფავორიტებშია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემპიონი ჩემ მიერ დასახელებული სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება“,- უთხრა სანიოლმა საქართველოს პირველ არხს.

მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტისთვის ფრანგული ფეხბურთი სამწვრთნელი კუთხით, უცხო არ არის. სანიოლი  2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა, 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო უშუალოდ მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა 2014-16 წლებში, ფრანგულ ბორდოში დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები