ოლიმპიური სამოსის წარდგენა - ფიცს 14 ივლისს დადებენ
Aa
Aa

ოლიმპიური სამოსის წარდგენა - ფიცს 14 ივლისს დადებენ

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

სხდომის დაწყებამდე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს და ჟურნალისტებს წარუდგინეს ოლიმპიური დელეგაციის სააღლუმე და სპორტული სამოსი (სააღლუმე სამოსის ორიგინალური დიზაინი შექმნა ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა).

თავდაპირველად აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების შესახებ. შესავალ სიტყვაში ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ოლიმპიადის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და დელეგაციის თითოეული წევრის პასუხისმგებლობას: პანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმა არსებითად შეცვალა ჩვენი დღის წესრიგი. შარშანდელი მარტიდან მოყოლებული, შეწყდა საწვრთნელი პროცესი, გადაიდო ოფიციალური შეჯიბრებები და სალიცენზიო ტურნირები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე თვის წინ განახლდა. შესაბამისად, ფედერაციები, მწვრთნელები, სპორტსმენები აღმოჩნდნენ ურთულესი პრობლემების პირისპირ. ოლიმპიური კომიტეტი, სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, რათა შედარებით უმტკივნეულოდ დაგვეძლია ეს რთული პერიოდი, ოპერატიულად მოგვეგვარებინა პრობლემები- აღნიშნა ლერი ხაბელოვმა. მან სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს მოუწოდა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენონ ოლიმპიადამდე დარჩენილი დრო ლიცენზიანტი სპორტსმენების მაღალ დონეზე მოსამზადებლად და ტოკიოში საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა შეკრებილებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მზადების სპორტულ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებზე. ითქვა, რომ ლიცენზიის მოპოვების პროცესში ჩართული იყო 15-მდე სპორტული ფედერაცია. ამ დროისთვის ჩვენ გვყავს ოფიციალურად დადასტურებული 12 ლიცენზიანტი ტყვიის სროლაში, ჭიდაობაში, კრივში, მძლეოსნობასა და ფარიკაობაში. მიმდინარე რეიტინგისა და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიელთა რიგებს შემოუერთდებიან ძალოსნობის, ძიუდოს, ჩოგბურთის, კარატეს, ტანვარჯიშის, ცურვისა და კიდევ სპორტის რამდენიმე სახეობის წარმომადგენლები. რეალისტური პროგნოზით, ჩვენ გვეყოლება 30-31 ლიცენზიანტი სპორტსმენი. ლიცენზიების განაწილების პროცესი ივნისში დასრულდება. 

ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სეოკ-ი, მისი ყველა სამსახური მობილიზებულია იმისთვის, რომ დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მოგვარდეს მიმდინარე საკითხები, მათ შორის-კოვიდ-19-ზე ტესტირება და ვაქცინაცია, დოპინგ-კონტროლი, ავიაბილეთების შეძენა, დელეგაციის საბოლოო ფორმირება ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დადგენილი კვოტის შესაბამისად, სააღლუმე და სპორტული სამოსის მიწოდება, საინფორმაციო უზრუნველყოფა, ფიცის დადების და დელეგაციის გაცილების ცერემონიის ორგანიზება და სხვა.

ოლიმპიური სახეობების სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა და მწვრთნელებმა ისაუბრეს მოსამზადებელი პერიოდის სირთულეებზე, გაწეულ სამუშაოზე, ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილ პერიოდში ჩასატარებელ საწვრთნო შეკრებებზე, საოლიმპიადო პროგნოზებზე.

სეოკ-ის აღმასკომმა დაადგინა, რომ ამ ეტაპისთვის მიღწეული შედეგები ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად. ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმს დაევალა სამედიცინო პერსონალთან ერთად უზრუნველყოს ოლიმპიელთა ეფექტური სამედიცინო მომსახურება, მიაწოდოს მათ დეტალური ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის რეგულაციების შესახებ, ორგანიზება გაუკეთოს ოლიმპიური დელეგაციის წევრთა ტესტირების და ვაქცინაციის პროცესს.

აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების და ოლიმპიელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 14 ივლისს.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და ამავე სამინისტროს მაღალი მიღწევების სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

სოსო გიორგაძე - საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე

სიმონ მაჩაბელი - მხატვარ-დიზაინერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები