„ლაჩარია და მინდა თავი მოვაჭრა
Aa
Aa

„ლაჩარია და მინდა თავი მოვაჭრა" - უაილდერი ფიურის ემუქრება

ამერიკელმა მოკრივემ, დეონტეი უაილდერმა ტაისონ ფიურისთან გასამართი მესამე ბრძოლის შესახებ ისაუბრა. WBC-ის საჩემპიონო ქამრის ყოფილმა მფლობელმა „ბოშათა მეფეს“ ლაჩარი უწოდა და განაცხადა, რომ მის განადგურებას აპირებს.

„ჩემი მენტალიტეტი ასეთია - მინდა, ისე დავასახიჩრო, რომ დედამისმაც ვერ იცნოს და მინდა, თავი მოვაჭრა. მას გასაქცევი და დასამალი არსად აქვს. მე კრივის ისტორიაში ყველაზე ძლიერი პანჩერი ვარ და ვაპირებ, რომ ამის დამტკიცება განვაგრძო.

კონტრაქტით ვალდებულნი ვიყავით, რომ კიდევ ერთი ბრძოლა გვქონოდა. მან პირობა მოგვცა და ამის მტკიცებულება გვაქვს. შენ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო და ამ თავს დეონტეი უაილდერის ბარიერის გადალახვის გარეშე ვერ დაასრულებ. რა თქმა უნდა, ფიური ლაჩარია, რადგან ჩემთან ბრძოლის გამართვის თავიდან არიდება სცადა და ქამრის დასაბრუნებლად მზად ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ფიურის ამ ზაფხულს ჯოშუასთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ეს ბრძოლა მას შემდეგ გამოირიცხა, რაც საარბიტრაჟო მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ „ბოშათა მეფე“ 15 სექტემბრამდე უაილდერს უნდა შეერკინოს. ტაისონსა და დეონტეის შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, უაილდერს რემატჩის მოთხოვნის უფლება ჰქონდა. მესამე ბრძოლა 2020 წლის ივლისში იყო ჩანიშნული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი გადადება გახდა აუცილებელი. შემდგომში ფიურის გუნდმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში ჩადებული რემატჩის პუნქტის ვადა ამოიწურა, რამაც ჯოშუასთან ჩხუბი შესაძლებელი გახადა. უაილდერის ბანაკში სხვა აზრზე იყვნენ და დავა სწორედ ამაზე წარმოიშვა, სასამართლომ კი გადაწყვეტილება ამერიკელი მოკრივის სასარგებლოდ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები