თორნიკე შენგელიას ცსკა ანადოლუ ეფესთან დამარცხდა და ევროლიგის ფინალში ვერ გავიდა
Aa
Aa

თორნიკე შენგელიას ცსკა ანადოლუ ეფესთან დამარცხდა და ევროლიგის ფინალში ვერ გავიდა

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის „ფინალური ოთხეულის“ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. „არმიელებმა“ მატჩი ცუდად დაიწყეს და პირველი ტაიმი 12 ქულით წააგეს.

სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. მესამე მეოთხედში უპირატესობას თურქული კლუბი ფლობდა და ერთ მომენტში 21 ქულითაც იგებდა, გადამწყვეტი ათწუთეულის დაწყებამდე კი ცსკა-ს ჩამორჩენამ 16 ქულა შეადგინა. მოსკოველებმა ბოლო მეოთხედში მოუმატეს, საფინალო სირენამდე 7.8 წამით ადრე სულ რაღაც 1 ქულით აგებდნენ და შეტევაში იყვნენ, თუმცა ქულები ვერ აიღეს და საბოლოოდ, 86-89 დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი და 2 წამი გაატარა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. თოკომ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი გააცუდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. დენიელ ჰეკეტი 17 ქულას დასჯერდა, ხოლო ლუნდბერგის ანგარიშზე 15 ქულა იყო. „ანადოლუ ეფესს“ 25 ქულით მიჩიჩმა ულიდერა, შანლიმ 19 ქულა და 8 მოხსნა გაიფორმა, ხოლო ლარკინმა მატჩი 11 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბი ჩემპიონობისთვის „ბარსელონასა“ და „მილანს“ შორის საუკეთესოსთან იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები