Aa
Aa

"კვალიფიკაციის დაძლევამ დიდი თავდაჯერება მომცა" - გორგოძე მის წარმატებაზე

ეკო გორგოძემ "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში კარიერაში პირველად იასპარეზებს. შესაბამისად, საქართველოს ტურნირზე წარმომადგენელი როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ძირითად ბადეში ეყოლება.

CrystalSport-ი ეკოს პარიზში დაუკავშირდა და ამ კარიერული წარმატების შესახებ ემოციების გაზიარება სთხოვა. 29 წლის ჩოგბურთელმა საუბარი საკვალიფიკაციოს პირველი მატჩით დაიწყო.

"ჩემთვის უჩვეულო იყო და მინდა, აღვნიშნო, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ასევე მშვიდად ჩავატარე პირველი მატჩის პირველი სეტი, მაგრამ შემდეგ არასათამაშო ფაქტორებმა მცირე დისკომფორტი შემიქმნა. შეხვედრა რამდენჯერმე შეწყდა - ლოდინი გასახდელში, ფიქრი და თანმხლები მომენტები - ამ ყველაფრის შემდეგ ზარაზუამ თამაში შედარებით გაათანაბრა, მაგრამ საბოლოოდ მობილიზება შევძელი. აუცილებლად უნდა გამოვყო მე-3 სეტის ბოლო გეიმი, რომლის შესახებაც ბევრმა მომწერა და ნამდვილად საოცარი გეიმი იყო. მიხარია, რომ ის ჩემ სასარგებლოდ დავასრულე და ის უპირატესობა, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდი, გამარჯვებად გარდავსახე. 5:5 რომ გამხდარიყო, ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან ხელი მაწუხებდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი.

რაც შეეხება მე-2 ეტაპს, ალბათ, ყველამ შეამჩნიეთ, რომ მე და ელიცა კოსტოვას, როგორც მეტოქეებს, ერთმანეთი ძალიან არ გვიყვარს და იმ შეხვედრისას განსაკუთრებულად ემოციური ვიყავი. ათმაგად მინდოდა მის წინააღმდეგ მოგება და წამით არ დამიშვია, რომ წაგების უფლება მქონდა. სიმართლე გითხრათ, კოსტოვას წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მთავარია, ხასიათის ხარჯზე საბოლოო გამარჯვება მოვიპოვე.

დიასთან ჩატარებულმა დღევანდელმა მატჩმა დიდი თავდაჯერება მომცა. დიდი ემოციების მოთოკვა შევძელი და შემიძლია ვთქვა, რომ პირველ სეტში ტაქტიკურად იდეალური და ძალიან ჭკვიანური თამაში ვაჩვენე. მე-2 სეტი შედარებით დაძაბული გამოდგა, ანგარიში მეტოქეს მიყავდა, მაგრამ ამ მატჩში მენტალურად ყველაზე უფრო კარგად ვიყავი მომზადებული. ბოლო გეიმამდე საერთოდ არ ვფიქრობდი შედეგზე და მხოლოდ თითოეულ გათამაშებაზე ვიყავი კონცენტრირებული, მაგრამ ბოლო გეიმში ცოტა ავნერვიულდი, რადგან გავაცნობიერე, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამარჯვებას ვუახლოვდებოდი.

საერთო ჯამში, საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვამ დიდი თავდაჯერება მომცა. ვიცოდი, რომ შეუძლებელი არაფერი იყო და ძირითად ბადეშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა გორგოძემ CrystalSport-თან.

ეკო გორგოძემ საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე რენატა ზარაზუა (6:2; 4:6; 6:4), ელიცა კოსტოვა (7:6; 6:3) და ნურია პარიზას-დიასი (6:3; 6:4) დაამარცხა. ძირითად ბადეში მისი მეტოქე ხვალ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში, ქალთა შორის, საქართველოს წარმომადგენელი 2019 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ აღარ ყოლია. მაშინ US OPEN-ის კორტებზე მარიამ ბოლქვაძემ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები