ვილიარეალი VS მანჩესტერ იუნაიტედი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ვილიარეალი VS მანჩესტერ იუნაიტედი - მატჩის შემდეგ

დასრულდა 2020/2021 წლების სეზონის ევროპა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „ვილიარეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საოცრად დრამატული გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც 22 თერთმეტმეტრიანი შესრულდა. საბოლოოდ პენალტი დავიდ დე ხეამ გააფუჭა და „წყალქვეშა ნავი“ ტიტულს დაეუფლა.

საინტერესო ფაქტები.

დავიდ დე ხეამ 120 წუთის მანძილზე ვერცერთი „სეივი“ ვერ შეასრულა.

ხერარდ მორენო „ვილიარეალის“ ისტორიაში გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც 1 სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 30-ზე მეტი გოლი გაიტანა. პირველად ეს ჯუზეპე როსიმ მოახერხა.

18 წლის და 218 დღის ასაკში იერემი პინო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც უეფა-ს ეგიდით გამართულ ევროპულ ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ეს რეკორდი აქამდე იკერ კასილასს ეკუთვნოდა, რომელმაც 19 წლის და 4 დღის ასაკში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

უნარი ემერი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის ლიგა ისტორიაში 4-ჯერ მოიგო.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკანასკნელი 7 პენალტების სერიიდან 6 წააგო. ერთი მოგებული კი 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირდა. სულშერის გუნდმა ინგლისის ლიგის თასის პირველ წრეში „როჩდეილი“ დაამარცხა.

რა თქვა კოკლენმა მატჩის შემდეგ?

„ეს საოცარი შეგრძნებაა. რთული ტურნირი მოვიგეთ. ვიცოდით, რომ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“ თამაში ძალიან რთული იქნებოდა. განსაკუთრებული გრძნობაა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიქნებით. ასევე საოცარი განცდაა კლუბის პირველი ტიტულის მოგება.

მოწინააღმდეგემ დიდ წნეხში მოგვაქცია და იძულებულები ვიყავით უკნიდან გვეთამაშა. პენალტების სერია ყოველთვის ლატარიაა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. კლუბისთვის და ჩემთვის ეს რაღაც მასობრივი მოვლენაა."

რა თქვა სულშერმა მატჩის შემდეგ?

"გასახდელში სრული სიჩუმეა. ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. ფეხბურთი ასეთია. ყველაფერს ხანდახან მხოლოდ ერთი დარტყმა წყვეტს. ასეთი რაღაცებისგან უნდა ვისწავლოთ, რომ მეორედ იგივე არ დაგვემართოს."

რა თქვა ემერიმ მატჩის შემდეგ?

„უზომოდ ბედნიერი ვარ. ფეხბურთელები მთელი სეზონის განმავლობაში საოცრად მუშაობდნენ და წარმატებისთვის იბრძოდნენ. მე, პრეზიდენტი და დირექტორი „ვილიარეალით“ ვამაყობთ. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. ეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, მაგრამ ჩვენ ძალიან კონკურენტუნარიანი მატჩი ჩავატარეთ."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები