მატჩის წინ - ლივერპული VS ჩელსი
Aa
Aa

მატჩის წინ - ლივერპული VS ჩელსი

დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთში 177-ე ურთიერთშეხვედრას ჩაატარებენ. აქამდე გამართული მატჩებიდან, 77 "ლივერპულმა" მოიგო, 61 "ჩელსიმ", ხოლო 38 ფრედ დასრულდა. 

გუნდების ახალი ამბები

* იურგენ კლოპი, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში სადიო მანეს დააყენებს, რომელიც აფრიკის თასიდან სულ ახლახანს დაბრუნდა.

* ადამ ლალანამ მცირე ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა, სამაგიეროდ ნეკნი აქვს დაზიანებული ნათანილ კლაინს - მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

* ლონდონელები დღევანდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან.

* ბრანისლავ ივანოვიჩი და ასმირ ბეგოვიჩი განაცხადში არ არიან, რადგანაც ორივე სატრანსფერო ციებ-ცხელებაშია ჩართული. ივანოვიჩი 99%-ით რუსული „ზენიტის“ ფეხბურთელი გახდება, ხოლო ბეგოვიჩით „ბორნმუთია“ დაინტერესებული.

მწვრთნელების კომენტარები

იურგენ კლოპი: „ზედიზედ 3 საშინაო მატჩის წაგება ძალიან ცუდი შეგრძნებაა. თუმცა კარგია, რომ ამ მატჩებიდან 2 სათასო შეხვედრა იყო და ჩემპიონატში სიტუაციის გამოსწორება კიდევ შეგვიძლია.

ვფიქრობ, დღეს ყველაფერი უნდა გავიღოთ, რაც კი არსენალში გვაქვს, სხვანაირად ასეთ ფორმაში მყოფ მეტოქესთან წარმატების მიღწევა ურთულესი იქნება.

ჩვენ კარგ განწყობაზე ვართ. „ლივერპულს“ ოთხეულში გასვლა და „ჩემპიონთა ლიგის“ საგზურის მოპოვება რეალურად შეუძლია“.

ანტონიო კონტე: „ლივერპულის“ ბოლოდროინდელი შედეგები, რა თქმა უნდა, არასახარბიელოა, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უიღბლობის ბრალია.

„სტემფორდ ბრიჯზე“ ამ გუნდთან პირველ წრეში წაგებული მატჩის შემდეგ, ჩვენ საგრძნობლად გავიზარდეთ. გავაანალიზეთ დაშვებული შეცდომები და ახლა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებული.

როცა ერთმანეთს ასეთი დონის გუნდები ხვდებიან და შეხვედრა მსგავსი მნიშვნელობისაა, თავდაჯერებულობას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ“.

ურთიერთშხვედრათა სტატისტიკა

* „ლივერპულს“ საკუთარ მოედანზე „ჩელსი“ 2010 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია - 5 თამაშში, 2 წაგება და 3 ფრე.

* მერსესაიდელები ჩემპიონატის ლიდერთან სეზონში მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. მათ სექტემბერში „სტემფორდ ბრიჯზე“ ლოვრენისა და ჰენდერსონის გოლებით 2:1 იმარჯვეს. „ჩელსისგან“ გოლი დიეგო კოშტამ შეაგდო.

ფაქტები „ლივერპულზე“

* კლოპის გუნდს ბოლო 8 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული - 3 ფრე და 4 წაგება. ის ერთადერთი გამარჯვება ინგლისის რანგით მე-4 ლიგაში (ლიგა 2) მოასპარეზე „პლიმუთთან“ სათასო მატჩზე მოდის.

* „ლივერმა“ ბოლო 3 სახლის მატჩი ზედიზედ წააგო, რაც 2012 წლის შემდეგ არ მომხდარა. ამ ცუდ სერიამდე მას ამ სეზონში „ენფილდზე“ წაგება არ ჰქონდა.

* თუ „ლივერპული“ ამ თამაშს მოიგებს, იგი 23 ტურში, 48 ქულას დააგროვებს, რაც 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ, მისი საუკეთესო მაჩვენებელი იქნება (გუნდმა ამდენ ტურში მაშინაც 48 ქულა აიღო).

* საინტერესოა, რომ იურგენ კლოპს პრემიერ ლიგის გრანდებთან - „სიტისთან“, „მანჩესტერთან“, „არსენალთან“, „ჩელსისთან“ და „ტოტენჰემთან“, აქამდე ჯამში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მხოლოდ 1 მარცხი აქვს - 6 მოგება და 7 ფრე. ასე რომ, იგი პრემიერ ლიგის ეგიდით, მნიშვნელოვან მატჩებში, იშვიათად მარცხდება.

* ლივერპულელებმა სადიო მანეს გარეშე თამაში ვერ მოიგეს და ჯამში ჩატარებულ 3 შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანეს.

* „ლივერპულს“ 2017 წელს პრემიერ ლიგაში თამაში არ მოუგია. ბოლოს მან ჩემპიონატში 31 დეკემბერს იმარჯვა, როცა „სიტი“ 1:0-ზე დაამარცხა.

ფაქტები „ჩელსიზე“

* დედაქალაქელებს პრემიერ ლიგის ბოლო 16 ტურში 15 მოგება და 1 მარცხი აქვთ - სტუმრად „ტოტენჰემთან“.

* კონტეს გუნდს ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით ყველაზე მეტი „მშრალი“ მატჩი აქვს ჩატარებული. ლონდონელებმა პრემიერ ლიგის 13 თამაში დაასრულეს გოლის გაუშვებლად.

* სამაგიეროდ, დღევანდელ სტუმრებს გასვლით თამაშებში მხოლოდ 17 გოლი აქვთ გატანილი, რაც პრემიერ ლიგაში პირველ 5 ადგილზე მყოფ გუნდთაგან, უარესი შედეგია.

* დიეგო კოშტას პრემიერ ლიგის ბოლო 21 თამაშიდან 15-ში, მინიმუმ 1 გოლი აქვს გატანილი. 

 

მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები