ფანცულაიამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი დაამარცხა და ჩემპიონია!
Aa
Aa

ფანცულაიამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი დაამარცხა და ჩემპიონია!

ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი (Titled Tuesday Blitz) გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლევან ფანცულაია გახდა.

ქართველმა დიდოსტატმა 11 შესაძლებელი ქულიდან 9.5 მოაგროვა და I-V ადგილები გაინაწილა.

ამასთან ერთად, ფანცულაია მესამე ქართველი მოჭადრაკე გახდა, რომელმაც ამ წარმომადგენლობითი ტურნირის მოგება შეძლო. აქამდე მსგავსი რამ ბაადურ ჯობავასა და გიგა ყუფარაძეს ჰქონდათ გაკეთებული.

ვლადისლავ არტემიევთან (რუსეთი), ტუან მინ ლის (ჩინეთი), ვლადისლავ კოვალევთან (ბელორუსია) და არიან ტარისთან (ნორვეგია) ერთად დამატებითი მაჩვენებლებით პირველი პოზიცია ფანცულაიას ერგო.

ყველაზე სასიამოვნოა, რომ ფანცულაიამ მე-9 ტურში (ელვისებურ ჭადრაკში) მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა.

ბოლოს გეტყვით, რომ ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა, რომელშიც 72 ქვეყნის 697 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

ფოტომასალა - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები