კარიერის ყველაზე შედეგიანი მატჩი! - ბითაძემ შარლოტთან ორმაგი დუბლი მიითვალა!
Aa
Aa

კარიერის ყველაზე შედეგიანი მატჩი! - ბითაძემ შარლოტთან ორმაგი დუბლი მიითვალა!

გოგა ბითაძემ NBA-ში გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „შარლოტთან“ გამართული შეხვედრისას პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა მოთამაშემ ორმაგი დუბლი მიითვალა, რაც გუშინდელ მატჩში მის გარდა მხოლოდ დომანტას საბონისმა მოახერხა.

„ინდიანამ“ „შარლოტის“ წინააღმდეგ პლეი-ოფის საკვალიფიკაციო მატჩში 144:117 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. როგორც ხვდებით, ინდიანაპოლისელთათვის წაგება სეზონის დასრულებას ნიშნავდა.

გოგამ პარკეტზე 18 წუთი და 42 წამი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი საერთოდ არ დაუკარგავს. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

14-ქულიანი ზღვარი გოგას პირადი რეკორდის გამეორებაა, ამდენ ქულასთან ერთად ორმაგი დუბლი კი პირველად მიითვალა. ეს მის ამერიკულ კარიერაში მე-2 ორმაგი დუბლია. 2019 წლის 2 ნოემბერს, „კლივლენდთან“ აქტივში 10 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. ისიც აღვნიშნოთ, რომ ქართველმა NBA-ის მატჩში 10-მოხსნიან ზღვარს მიმდინარე სეზონში - პირველად, ჯამში კი მესამედ მიაღწია.

„ინდიანას“ პლეი-ოფში გასვლამდე კიდევ 1 ნაბიჯი დარჩა და მეტოქედ „ვაშინგტონ ვიზარდსი“ ჰყავს. თამაში 21 მაისს, თბილისის დროით ღამის 4 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები