ჩემპიონთა ლიგა: პირველ ეტაპზე თბილისის დინამო განთესილია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: პირველ ეტაპზე თბილისის დინამო განთესილია

2021-22 წლების სეზონის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამო'' განთესილია. გიორგი ნემსაძის გუნდის ერთ-ერთი შესაძლო მეტოქე ფარერის კუნძულების ჩემპიონი ''ტორსჰავნია''.

შეგახსენებთ, თბილისის ''დინამომ'' კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი ფარერის კუნძულებზე განიცადა, გასული სეზონის UEFA-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის ჩემპიონმა ''კლაკსვიკმა'' ჩისკოს გუნდი 6:1 გაანადგურა. 

სავარაუდო მეტოქეებს შორის ასევე ფიგურირებენ კოსოვოს, ანდორისა და სან მარინოს ჩემპიონები. აღნიშნული გუნდების გარდა საქართველოს ჩემპიონს შესაძლოა შემდეგი გუნდებიდან ერთ-ერთი შეხვდეს: ''შახტიორი'' (ბელარუსი), ''შემროკ როვერსი'' (ირლანდია), ''ვალური'' (ისლანდია), ''ბოდო გლიმტი'' (ნორვეგია), ''ჰამრუნ სპარტანსი'' (მალტა) და ალბანეთის ჩემპიონი. ამ ეტაპზე ალბანეთის ჩემპიონის ვინაობა უცნობია.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამოსთან'' ერთად განთესილები იქნებიან ზაგრების ''დინამო'', ''ოლიმპიაკოსი,'' ''ცრვენა ზვეზდა,'' ''ლუდოგორეცი,'' ''მალმიო,'' ''ლეგია,'' ''ფერენცვაროში'' და ''შკენდია''. ასე რომ აღნიშნული კლუბები საქართველოს ჩემპიონს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ შეხვდებიან.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ჟალგირისი'' (ლიეტუვა), ''ფლორა'' (ესტონეთი), ''ბუდუჩნოსტი'' (მონტენეგრო), ''ქაირათი'' (ყაზახეთი), ''რიგა'' (ლატვია) და ჰიკ-ი (ფინეთი) იასპარეზებენ, მაგრამ უცნობია განთესილები იქნებიან თუ განუთესავები.

ასევე უცნობია ისრაელის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ლუქსემბურგის, სომხეთის, ბოსნიის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და გიბრალტარის ჩემპიონები განთესილები იქნებიან თუ არა, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში ჩემპიონი არ გამოვლენილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები