გოგამ იანისი ვერ შეაჩერა - ბითაძის პროდუქტიული მატჩი და ინდიანას მორიგი მარცხი
Aa
Aa

გოგამ იანისი ვერ შეაჩერა - ბითაძის პროდუქტიული მატჩი და ინდიანას მორიგი მარცხი

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ 2-მატჩიანი წაუგებელი სერია „მილუოკი ბაქსთან“ შეწყდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და 133-142 დამარცხდა.

„ინდიანას“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და „მილუოკის“ გამარჯვება არ გასჭირვებია. „ბაქსმა“ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და მესამე მეოთხედის სტარტზე მოპოვებული კომფორტული უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე თითქმის 24 წუთი გაატარა და აქტივში 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 5 პერსონალური ფოლი მიიღო. სხვათა შორის, გოგას რამდენჯერმე დაცვაში იანის ანტეტოკოუნმპოს წინააღმდეგ მოუწია თამაში და ბერძენი სუპერვარსკვლავის შეჩერება გაუჭირდა

„გრიკ ფრიკი“ ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 40 ქულა, 15 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. კრის მიდლტონმა თავი 22 ქულასა და 6 ასისტს მოუყარა, ხოლო ბრუკ ლოპესი 21 ქულას დასჯერდა.

„ინდიანას“ მხრიდან“ 26 ქულით ჯასტინ ჰოლიდეი გამოირჩა. ტი ჯეი მაკკონელმა 23 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ხოლო ბრისეტმა და მაკდერმოტმა 19-19 ქულა ჩააგდეს.

„მილუოკისთან“ მარცხის შემდეგ, „ინდიანას“ 33 მოგება და 37 წაგება აქვს. „პეისერსმა“ Play In-ში მონაწილეობა გაინაღდა და მისი ყველა კონკურენტის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები