აიაქსმა საჩემპიონო თასი გადაადნო და სეზონური ბილეთების მფლობელებს ვარსკვლავები გადასცა
Aa
Aa

აიაქსმა საჩემპიონო თასი გადაადნო და სეზონური ბილეთების მფლობელებს ვარსკვლავები გადასცა

მაისის დასაწყისში „აიაქსმა“ ნიდერლანდების ჩემპიონობა გაინაღდა და სანუკვარ თასს 35-ედ დაეუფლა. მორიგი ტიტულის დასაკუთრების შემდეგ, ამსტერდამელებმა გადაწყვიტეს, გულშემატკივრებისთვის მადლობა გადაეხადათ იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მათგან მიიღეს და ამისთვის უცნაური გზა გამოიყენეს.

„აიაქსმა“ საჩემპიონო თასი გადაადნო და მისგან 42 000 მინი ვარსკვლავი დაამზადა, რომლებიც სეზონური აბონიმენტის მქონე ქომაგებს გადაეცემათ. ვარსკვლავების გაგზავნა დღეიდან დაიწყო და თითოეული გულშემატკივარი მას ფოსტით მიიღებს.

„მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი ქომაგების გარეშე ჩავატარეთ. ყოველ შემთხვევაში, ისინი ტრიბუნებზე ნამდვილად არ ყოფილან. მიუხედავად ამისა, მათ მხარდაჭერას ყოველკვირა ვგრძნობდით. იყო ეს სტადიონისკენ მიმავალ გზაზე, სოციალურ ქსელებში თუ პირადი შეხვედრებისას. ადრე, როცა ვთქვით, რომ ეს ტიტული თქვენია, მხედველობაში გვქონდა ის, რომ ამ წარმატებას თქვენთვის მივაღწიეთ და საჩემპიონო თასის ნაწილების გაზიარება ამის ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა „აიაქსის“ დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა.

ამსტერდამულმა კლუბმა სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა, რომელშიც თასის გადადნობის პროცესია ასახული. ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციამ კი „აიაქსს“ გამონაკლისის სახით მეორე საჩემპიონო თასი გადასცა, რომელსაც ამსტერდამელები თასების კაბინეტში განათავსებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები