ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუგალიაში გაიმართება - უეფა გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროვებს
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუგალიაში გაიმართება - უეფა გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროვებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან, პორტუგალიაში გაიმართება. ამ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა, Sky Sport ავრცელებს და ირწმუნება, რომ უეფა გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროვებს.

Sky Sport-ს თუ დავუჯერებთ, ფინალს „პორტუს“ საშინაო არენა, „ესტადიო დრაგაუ“ უმასპინძლებს. იყო საუბარი, რომ ფინალი ლისაბონში მდებარე „ესტადიო და ლუსზე“ გამართულიყო, თუმცა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას შეატყობინა, რომ „ესტადიო დრაგაუს“ გამოყენება სურს.

როგორც მოგეხსენებათ, გადამწყვეტი შეხვედრისთვის თავდაპირველად თურქეთს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის რეგულაციების მიხედვით, თურქეთი წითელი ზონის ქვეყნებში შედის, რის გამოც უეფამ ცვლილებების გატარება გადაწყვიტა. შემდეგ „უემბლის“ ვარიანტი გაჟღერდა, თუმცა გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და უეფას ხელმძღვანელებს შორის შეთანხმება არ შედგა და საბოლოოდ, არჩევანი პორტუგალიაზე შეჩერდა.  

2020-2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ გავიდნენ. „არისტოკრატებმა“ ნახევარფინალში „რეალს“ აჯობეს, ხოლო „ქალაქელებმა“ პსჟ-ს არ დაუტოვეს შანსი. ცნობისთვის, ფინალი 29 მაისით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები