ბუფონმა დაადასტურა - ლეგენდა იუვენტუსს ტოვებს
Aa
Aa

ბუფონმა დაადასტურა - ლეგენდა იუვენტუსს ტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას. ციკლი სრულდება.“ - წერს ბუფონის სიტყვებს Football Italia

43 წლის მეკარეს კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და წყაროს ცნობით ჯანლუიჯი გრძნობს, რომ მისი დრო იუვეში ამოიწურა.

ბუფონმა მიმდინარე სეზონში „ბიანკონერის“ მაისური 7-ჯერ მოირგო და 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა. სპორტულ მედიაში ვარაუდობენ, რომ ბუფონის უკანასკნელი მატჩი კოპა იტალიის ფინალში შედგება, სადაც „იუვენტუსი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

რა თქვა ბუფონმა?

„მიმდინარე სეზონში ქულები უაზროდ დავკარგეთ. ექვსეულის გუნდებთან ხან ვმარცხდებოდით, ხან ვიგებდით. „იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელსაც მენტალობა და ხასიათი უნდა განუვითარდეს.

კრიშტიანუსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის ჩემს მიმართ ძალიან კარგად არის განწყობილი. მან უამრავი გოლი გაიტანა და ამას გამუდმებით ახერხებს. ინდივიდუალურობა კარგია მაშინ, როდესაც გუნდი წარმატებას აღწევს.

ჩემი მომავალი ნათელი და გადაწყვეტილია. ეს ლამაზი და გრძელი ისტორია წელს დასრულდება. არ ვიცი კარიერას დავასრულებ თუ სხვა გუნდში გადავალ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოტივაცია მექნება სამომავლოდ.

ვგრძნობ, რომ „იუვენტუსს“ ყველაფერი მივეცი და ყველაფერი მივიღე. ამის იქით სხვა ყველაფერი შეუძლებელია.“

ბუფონის აუხდენელი ოცნება

ცნობისთვის, ბუფონმა "ბიანკონერი" ერთხელ უკვე დატოვა. 2018 წელს ვეტერანი კარის დარაჯი "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა, თუმცა 1 წლის შემდეგ კვლავ "ბებერ ქალბატონში" დაბრუნდა.

ჯამში ბუფონმა "იუვენტუსის" მაისური დღემდე 683-ჯერ მოირგო. ჯანლუიჯის მრავალწლიან კარიერაში უამრავი ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. სხვადასხვა ინტერვიუებიდან ცნობილია, რომ მისი ოცნება, სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებაა.

იტალიელი ლეგენდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" ერთად სამჯერ იყო. პირველად ეს 2003 წელს მოხდა. "ბებერი ქალბატონი" "მილანთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. მეორედ 2015 წელს. ალეგრის გაწვრთნილი შეგირდები "ბარსელონას" დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ. უკანასკნელად კი იუვე 2017 წელს მადრიდის "რეალს" შეერკინა და ისევ დამარცხდა. ამჯერად 1:4.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები