Aa
Aa

ლისაბონიც ვარიანტია - უეფა ფინალის ლოკაციაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვის ლოკაციად კიდევ ერთი ვარიანტი განიხილება. ინგლისური ვარიანტების - „უემბლისა“ და „ვილა პარკის“ შემდეგ კანდიდატთა სიას ლისაბონიც დაემატა.

უეფა-ს მაღალჩინოსნები მოლაპარაკებებს ბრიტანეთისა და პორტუგალიის მთავრობებთან მართავენ. The Guardian-ის ცნობით, მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს 48 საათში მიიღებენ.

საკითხზე რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისაუბრა: „შესანიშნავი იქნება, თუ ფინალი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება და ორი ინგლისური კლუბი ჩვენთანვე ითამაშებენ. სირცხვილი იქნება, თუკი გულშემატკივრებს ასეთ მატჩზე დასწრების საშუალება არ მიეცემათ“.

როგორც ხედავთ, ჯონსონმა კონკრეტულად მიანიშნა, რომ თუკი უეფა ფინალს სტამბულიდან ინგლისში გადაიტანს, ბრიტანეთის მთავრობა სტადიონზე მაყურებელს დაუშვებს. ჯონსონმა ამაზე ცალკეც ისაუბრა და დაადასტურა, რომ მომდევნო კვირიდან ინგლისის მასშტაბით ფანები ტრიბუნებზე დაბრუნდებიან.

თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი ფანების რაოდენობაა, რადგან გულშემატკივართა მატჩზე დასწრება ფინალის სტამბულში გამართვის შემთხვევაშიც იგეგმება. უეფა-ს პოზიციით, ტრიბუნებზე 25 000 ადამიანი უნდა იყოს, ბრიტანეთში კი ეს დიდი რიცხვია, რადგან პირველ ეტაპზე სტადიონზე 10 000 კაცის შეშვება იგეგმება. თუკი მხარეები ამ საკითხზე ანუ რაოდენობაზე შეთანხმდებიან, დიდი შანსია, ფინალური მატჩის მასპინძლად „უემბლი“ ან „ვილა პარკი“ გამოცხადდეს.

საქმე ისაა, რომ Covid-19-ის ამჟამინდელი გავრცელების მიხედვით, ბრიტანეთის წითელ სიაში თურქეთი კვლავ რჩება და ინგლისური კლუბების იქ გაშვებას მაქსიმალურად თავს არიდებენ. რაც შეეხება პორტუგალიას, ის ბრიტანელთა მწვანე სიაშია და პირენეებზე მგზავრობა გაცილებით ნაკლებ პრობლემებთან ასოცირდება.

გვახსოვს, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის პლეი-ოფის ნაწილი სრულად პორტუგალიაში ჩატარდა და ყველაფერმა უსაფრთხოდ და უმაღლეს დონეზე ჩაიარა. ვნახოთ, უეფა ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები