Aa
Aa

ვარჯიში გააცდინა - რონალდუმ პრეზიდენტთან ერთად ფერარის ქარხანა მოინახულა

„მილანთან“ 0:3 წაგებიდან რამდენიმე საათში „იუვენტუსი“ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა, მაგრამ წვრთნაში მონაწილეობა კრიშტიანუ რონალდუს არ მიუღია. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ტურინელთა პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან ერთად „ფერარის“ ქარხანა მოინახულა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ანიელი და რონალდუ ტურინიდან 300 კილომეტრით მდებარე პატარა ქალაქ მარანელოს ეწვივნენ და „სკუდერია ფერარის“ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ფაქტის ამსახველი ფოტო „ფერარის“ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ფოტოზე იტალიური საჯინიბოს პილოტები - შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი, რონალდუს ავტოგრაფიანი მაისურებით ხელში არიან წარმოდგენილნი.

თავის მხრივ, თუკი Calciomercato-ს დავუჯერებთ, კრიშტიანუმ საკუთარი ავტოფარეხისთვის „ფერარის“ კიდევ ერთი ახალი მოდელი შეიძინა.

„მილანთან“ წაგების შემდეგ „იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. აპენინური გამოცემების თქმით, თუ გუნდი ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, რონალდუს გაყიდვა მოუწევს.

ტურინელები მე-4 ადგილოსან „ნაპოლის“ 1-ით, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „ატალანტასა“ და „მილანს“ 3 ქულით ჩამორჩებიან. პირლოს შეგირდები შემდეგ ტურში „სასუოლოს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები